მუხთალი


მე მას ვუმზერდი, კაცად ვხდიდი, კაცი მეგონა,
არ ვთაკილობდი, მე იმისთვის თავი მემონა.
მე იგი მწყურდა, იგი მსურდა გულს დამეკონა…
ჩემი ყოველი ჩემმა გულმა მას შეაწონა.

ის მიფიცავდა მეგობრობას, ერთგულებასა,
არ თაკილობდა იგი, ვითომც, ჩემსა ხლებასა,
ცას მე მიქადდა, დედამიწას და უფლებასა…
რად ვიფიქრებდი მე იმისგან რამე ვნებასა?…

სულ ქადაგებდა, მარად იყო მისგან ჩივილი:
„განა მარტო შენ,_ერს ვეკუთვნი, ქვეყნისა შვილი,
მისთვის ვიტანჯვი მწვევია გულის ტკივილი!..“
იმ დროს კაცს ჰგავდა და უქროდა ტუჩზე ღიმილი…

დრომ მოიტანა ერის საქმე, ქვეყნისა ვალი,
შეიძრა ერი, გადაავლო წარსულსა თვალი;
არად იამა… სხვას ითხოვდა დრო მომავალი:
აქ ჩვენი გმირი გამოგვადგა ფლიდი, მუხთალი!..

შევკრთი, შევძრწუნდი, რომ ვხედავდი ამას თვალწინა,
გმირმა მომხედა მისებრ ურცხვად და შემომცინა…
თვალთ დამიბნელდა, სისხლი უცბად სულ გამეყინა,
და მოწამლულსა, მოშხამულსა მსწრაფლ მიმეძინა…

ვნახე, წარმოსდგა ბრწყინვალებით მოცული ქალი,
ვერ მოვაცილე უცნაურსა ჩვენებას თვალი…
ხელნი აღაპყრა, მოიწოდა ზეცისა ძალი
და მყის წარმოსთქვა (მე ვუსმენდი გამშრალ_შემკრთალი):

„ღმერთო, მოჰკითხე, ვინც ღალატობს მოძმეს და ერსა,
ვინც მათსა საქმეს, მათს იმედსა ჩაუგდებს მტერსა!..
ვინც პირშავია და მზაკვრობით გული უძგერსა,
შენ ამოფხვერი, გრიგალს მიეც, შეურთე მტვერსა!..“

„ღმერთო, დასტანჯე ფლიდი, ერში გამორჩეული,
რომ ცრუ, მუხთალი დადიოდეს როგორც ეული.
კეთრს ნუ მოაკლებ, სულ, მარადის იყოს სნეული,
ჰხვდეს რისხვა შენი, მეხი ცისა, იყოს წყეული!..“

გაჰქრა ჩვენება, შედგა წყევა, ვახილე თვალი,
ყურში ბჟუოდენ ის სიტყვები და მათი ძალი,
გავშრი, გავშეშდი, ჩვენებისგან უცებ შემკრთალი,
მე ჩემი გმირი წარმომიდგა,_ ქვეყნის მუხთალი!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი