“ქალი-აყვანა”
ლეგენდა შილდის და ყვარლის საშუალ პაწა გორა დგას ქუფრადა, გაზაფხულია, მინდვრები ამწვანებულა ტურფადა ცხვარი გრილოში იცოხნის, დაყრილა ხის ძირს ჯგუფადა, ამათი მწყემსიც იქვე წევს, მოლი აქვს ნოხად, სუფრადა. აგერ მახლობლად გოგონაც მწყემსავს ოცამდინ კრავებსა. დანავარდობენ ბატკნები, შავთვალა იგრეხს კავებსა, თავს თუ აწონებს იმ მწყემსსა, შიგ თვალში უყრის თვალებსა, მგელმა რომ კრავი მოსტაცოს, ნეტა ვის დააბრალებსა?… ბიჭი აენთა შმაგივით, თვალები დააბრიალა, წამოჯდა მარჯვედ,სალამურს ჩაჰბერა, ჩააწკრიალა, ჩააკაკანა ხმატკბილად, სევდის ხმით შეაზრიალა შავთვალას გული მოუკლა, გონება გაუტიალა… მერე უძახა დაიცსა: „მოდი აქ დავსსდეთ სწორადა, გულის ჭირიმე, აქ მოდი, ცხორსაც ცხორი ჰყავვს ტოლადა, მეყო ამდენი ობლობა, ნუღარ დამაგდებ ობლადა, თავს ვანაცვალებ შენს მზესა, ოღონდ გამომყევ ცოლადა!“ თავი ჩაღუნა გოგონამ, ჩაიღიმილა დარცხვენით, თავი არიდა ლომგულსა, იცქირებოდა მარცხენით. მერე მიუგო შავთვალამ, სიამოვნებით, არ წყენით: „მეც შენს ცეცხლში ვარ, ბეჩავო, თუ შესძლებ, ამ ჭირს დამხსენი… თუ ამიკიდებ ზურგზედა, თანაც დაუკრავ სალამურს, ძოღანდელებრივ ტკბილს ხმასა, გულის სალაღოს, საამურს, ისე ამიყვან ამ გორზედ, __ მაშინ მე თავი არა მშურს შენდა გულისა წამლადა, შენი ცოლობა მაშინ მწყურს“… ბიჭმა მოიგდო ზურგზედა, გოგონა, როგორც კრავია, თან სალამურზედ დაუკრა, რაც ტკბილი დასაკრავია, დაუკრა, გოგოს საამო ხმა, გულის მოსაკლავია, შეუდგა პაწა გორას, არ მოჰღალვია მკლავია… მოდის და მიდის ნელ_ნელა, უძგერს და უძგერს გულია, ძალზედმიიწევს ზევითა მუხლებში მოქანცულია; გაცურდა ხვითქში, გადმოდის ოფლისა ნაკადულია, შემძიმდა ტვირთი ძვირფასი, უწუხს ობოლი სულია… ავიდა წვერზედ, გადმოსვა გოგონა, პირმზე, ნათელი, მაგრამ თვითონ კი ვერ იძვრის, როგორც ნაცემი, ნათელი, როგორც უღონო, უძლური, ვეღარა ჰსუნთქავს ჯანმთელი, გაჰვარდა სული ბეჩავსა, გაჰქრა როგორც რომ სანთელი!.. იქვე დგას დღესაც ის გორა, თითქოს მინდვრების მცველია, “ქალი-აყვანა” დაარქვეს, რადგან იმ მწყემსის მკვლელია; იქ, ახლომახლო სოფლებში, სუყველა ამის მთქმელია, ასე გავიგე ყველასგან, ამბავი ძველისძველია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი