ენა


განთქმულმა ერთმა მეფემა
უბრძანა თვისსა ვეზირსა:
`უცნაურს გეტყვი სურვილსა,
ეხლა რომ იგი მე მჭირსა;
უნდა შენ ჩემი გულისთვის
მიიღო მცირე სასჯელი,
მიშოვო სადმე ისეთი
უცხო რამ ტკბილი საჭმელი,
რომ მასზედ უტკბესს ხმელეთზედ,
არც ზღვასა იშოებოდეს…
მოძებნე ყველგან, მომართვი,
თუ სადმე იპოებოდეს…”
ამისა მსმენმა ვეზირმა
ენა უყიდა მეფესა,
შეუწვა კარგათ, ლამაზათ,
მოართვა თვისსა პატრონსა.
კვლავ მეფემ ბრძანა: ,,ვეზირო,
წადიო, გაეჩქარეო,
აწ ისეთი რამ მომართვი,
არ იყოს მასზედ მწარეო!..”
უცებ გაიჭრა ვეზირი,
ენა მოართვა ხელახლათ…
რა ნახა ესე ბატონმა,
განრისხდა წარმოსთქვა მსწრაფლათ:
,,ტკბილი ვითხოვე, თუ მწარე,
მაინც მომართვი ენაო,
თუ მასხარაობ, მიჰქარავ,
თავი აიგდე შენაო!..”
მაშინა ჰკადრა ვეზირმა
მეფესა აჩქარებულსა:
,,ენაზედ ტკბილსა ვერ ჰპოვებ,
შენს თავსა ვფიცავ ქებულსა,
ვერცა ენაზედ უმწარესს
მოიძევ ქვეყანაზედა…
მაშ რათ შემწამე მასხრობა,
შემრისხე ნეტა რაზედა?..”

ანდაზათაც ნათქვამია
(მე სიმართლეს დავადგები) :
,,ენა ტკბილი, ენა მწარე,
ენა ქვეყნის ამომგდები”.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი