სურათი
ცხელა და ცხელა, პაპანებაა, ქოხის წინა ზის ყმაწვილი დედა, პაწია ბიჭი, ჩცვილი, ფუნთუშა ხელს უცაცუნებს ძუძუებზედა… ,,აქა, მამილო! მამილო, აქა!”_ დედა იძახის შვილის მაგივრად; მაგრამ ,,მამილო” ჯერ არსადა სჩანს, ის სამუშაოდ წასულა მინდვრად… ,,აქა, მამილო!”_სთქვა კიდევ დედამ. ,,თან მოიტანე ბევრი კაკები”… გულში კი ჰფიქრობს: _ ,,სად, რას მუშაობ, პაპანებაში რას იკაკვები”… მზემ გადიხარა, დაჰბერა სიომ, აგერ გამოჩნდა მუშა მაშვრალი, ხვითქი გადასდის გულგაღეღილსა და ახალუხიც არ მოსდევს მშრალი. თავზე წაუკრავს ნარმის ნახევი, მოდის, ღიღინებს დაბალს ხმაზედა, მოდის ამაყად, მჭრელი ნამგალი გადაუდვია მოღლილს მკლავზედა… წინ მიეგება ყმაწვილი ცოლი და მიაწოდა გიგლა მამასა, იმანაც შვილი ოფლიანს გულში მაგრად ჩაიკრა და ჰკოცნის მასა! გიგლამ უტაცა მამას ულვში, ლოყაზედ თათი მოუცაცუნა; მამას იამა შვილის ცელქობა, ულვაშის წიწკნა არ დაუწუნა… დაჯდა მაშვრალი დერეფანშია, გვერდით მოიდო მჭრელი ნამგალი, ამაყობს ცოლით, ამაყობს შვილით, ამაყობს, რომ აქვს ბევრი ნამკალი… ცოლმა მოართო მჭადი და წყალი, გიგლა ჩააკრა ,,კაკანაშია”, გვერდით მოუჯდა ქმარსა და შვილსა, მათის ყურებით განცხრომაშია!…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი