ვირი და მგელი


მგელი მოუხდა ერთს ვირსა
და ამის შეჭმას ლამობდა,
ვირი ევედრა მგელს დიდათ
და მოწიწებით ამბობდა:
`ვიცი, რომ შემჭამ, ბატონო…
თუ სულ არ მომიძულეო,
ერთი ეს სიკეთე მიყავ,
ანდერძი შემისრულეო:
ქაჩაჩში ლურსმნის ნატეხი
ჩამჩა და ამომიღეო,
მასუკან, როგორც გერჩიოს,
წამიღე_წამომიღეო…
შემჭამე, შენ ჩემი ხორცი
ღმერთმა შეგარგოს ტკბილათა,
აღარც მოგხვდება კბილებში
ლურსმანი, შემჭამ რბილათა!…
მგელმა უსმინა ვირს თხოვნა,
იმის ანდერძს სწორედ არ სტეხს,
მიჰყო პირი ერთგულათა,
ჩააფრინდა ლურსმნის ნატეხს..
ამ დროს ვირმა ღონივრათა,
ტყუპათ წიხლი გაიქნია
და საბრალოს მგელს კბილები
სულ ერთიან ჩაამტვრია!
მაშინ მგელს თავბრუ დაესხა,
შეჰღმუვლა: `ვაი, დედაო!
მაცდინა ვირმა, გავბრიყვდი,
ცუდი დღე გამითენდაო…
ბარემ მეჭამა ეგ ვირი,
ჩემთვის ის არა სჯობდაო,
თორემ მე ბრიყვს და სულელსა
ნალბანდობა რა მრჯიდაო?!~…

ეს ზღაპარი ჩვენ გვასწავლის,
რომ მწე უნდა იყოს მოძმის,
თუ უყურებ მოძმეს მტრულად,
არც ის მოგცემს ხელს მოყვრულად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი