თაგვების და კატების ომი


თაგვთა მეფა ავად იყო,
სიდამწვრით, თუ ქეცითაო,
ბუმბულები ქვეშ დაეგო,
მოეფინა ბეწვითაო;
წამალს მეფა არ ნებულობს,
არცა დიდის ხვეწნითაო;
და მას ვირთხა ექიმბაშობს,
სწამლობს მხოლოდ წეწვნითაო!..

კატას ცნობა მოუვიდა,
თაგვთა მეფა შემძიმდაო,
სთქვა: `მარჯვე დრო მე ახლა მაქვს.
შევასრულო რაც მინდაო”;
ულვაშებს ტოტი გადისო,
ტუჩები გადიწმინდაო
და ჩაცინებით წარმოსთქვა:
`თაგვებს დღე დაუბინდდაო!..:

ვეზირები შემოიხმო,
შეექმნათ დიდი თათბირი:
ერთმა სთქვა: `წიგნით ვიკითხოთ, _
თაგვთა მეფას გასაჭირი”,
მეორემ სთქვა: `გავუგზავნოთ
მოსაკითხად ლეღვის ჩირი”,
მესამემ სთქვა: `რას ვეფეროთ,
დავამტვრიოთ ცხვირი, პირი!”

ციცამ ყველას თათბირებში
პირველის თქმა დაიჯერა,
სთქვა: `დავეშურნეთ, მივწეროთ,
აღარ უნდა ამას ცქერა,
თორემ შეგვიტყობს თათბირსა,
აცნობებს, ვინც დაგვამტერა,
საწერ-კალამი მოართვეს
და დაიწყო წიგნის წერა.

_ `ბატონო, თვალის სინათლევ,
დიდება თაგვთა მეფეო,
სამი ამბრისა მფლობელავ,
ნიგვზითა ხარკთა მკრეფაო,
თქვენი უძლება ვისმინე,
ამტკივდა თავის კეფაო,
სიკვდილსაც მოსძულებიხარ,
ვით მე მძულს ძაღლის ყეფაო!..

ნეტა ვიცოდე რა გარგებსთ,
მოგართო რამე მალამო,
ნება მიბოძეთ მოვიდე,
მსურს გნახო, მოგესალამო,
გულს მოგეხვიო, თქვენს დარბაზს,
მტირალნი თვალნი დავლამო,
ჩემს მწუხარებას ვერ მოვთვლი, _
დასწერე ჩემო კალამო!..”

რა მისწერა, თაგვთა მეფეს
გაუგზავნა კატა ჭრელი,
წიგნი მისცა და უბრძანა
თაგვთა მეფის ნახე ხვრელი,
ეს ბარათი მას მიართვი
მოსაკითხად ერთი ყველი,
და პასუხიც მომიტანე, _
სწორედ მოუთმენლად ველი.”

მსწრაფლად გასწია ჭრელამა,
წიგნი პირში დაიჭირა,
ყველსაც მიათრევს ბაწრითა,
საქმე აღარ გაიჭირა,
რა შეემძიმა, გამოძღა,
ამით ბარგი შეიმცირა,
თაგვთა მეფის სასახლეში
ჩუმად მისვლა დააპირა..

რომ მივიდა სასახლესა,
მოფენილსა ძველი ქუჩით,
ხვრელში ვეღარ შეეტია,
თუმც ეცადა დიდის ჩეჩით,
შეიძახა: `გამომხედეტ! _
კატათ მეფის მოველ ელჩი,
სამოყვროდ ვარ, მოსაკითხით,
დამერწმუნეთ არას გერჩით…”

თაგვთა მეფას მოახსენეს
კატათ მეფის წიგნის ხლება,
ეს ამბავი დედოფალსა,
არ იამა, იმჭვალება,
აათრთოლა საცოდავსა,
მტერსაც კი შეეწყალება…
ბრძანა: კატებს უფიქრიათ,
სწორედ, თაგვების აკლება”…

თაგვთა მეფამ ვერ გაბედა
ინახვინოს კატა ჭრელი,
ვერ გაბედა ელჩის ნახვა,
თვალად იყო საზარელი…
მოითხოვა და მოართვეს
კალამი და საწერელი, _
კატა სწერს ტკბილსა პასუხსა,
ვით მოძმისა საყვარელი…

`ძლიერო, დიდო ხელმწიფევ,
ტომო ვეფხვის ბუდიდანო,
მიამა რომ წავიკითხე
თქვენი წიგნი, ყურდიდაო,
უძლურისა კითხვისათვის
ძლიერ გმადლობ, ჩემო დაო,
ნუ მიწყენ, ვერ გინახვინებ,
აღარა ვარ ავადაო”…

ციცამ პასუხი მიიღო
თაგვთა მეფას მონაწერი,
როცა იგი გადიკითხა,
მას გადაჰკრა ცუდი ფერი;
თავში იცა, გადიგლიჯა
ულვაში და მერე წვერი,
კაპასობით გააქნივა ეშმაკურად კუდის წვერი…

კატა ჯავრობს, მრისხანეობს,
ჩხავის როგორც მარტის თვეში,
,,უარი ვით გამიბედა?_
გავგზავნე მას ფეშქეში,
მოყვრობა არ გამოვიდა
თუ მტრობა ჰსურს _ ვაძვრენ ხვრელში…
და მე ციცა არ ვყოფილვარ,
თუ არ ვჭამო მათი ლეში”…

ციცათა მეფემ მოიხმო
სარდლები და ვეზირები,
უბრძანა: ,,მოემზადენით,
ჯარად წასვლას ვეპირები,
სალაშქრო ბუკი დაუკართ,
ბარგით დატვირთეთ ვირები,
გაჩვენოთ ომი ფიცხელი,
თაგვები ანატირები!”

სარდლები კარს გამოვიდნენ,
დაიძახეს: ,, შეკრბეს ჯარი!_
ას_ასი ერთად დაეწყვნენ,
ერთმანეთს მოაბით მხარი.
ხატაურები თავს დაგნენ,_
სანაქებო მეომარნი,
კნუტებს ბარგი ჩააბარეთ,
სალაშქრო ნაღარას ჰკარით!..”

კატის ლაშქარი დაიძრა,
მებუკედ ახლავსთ მამალი,
წყნარად მიდიან წყობითა,
გზა აქვთ მათ დიდი სავალი,
თან მიაქვთ ტყვია, წამალი,
დაჭრილებისთვის წამალი,
საზრდოდ: თევზი და ძეხვები,
სხვა ნუზლი დიაღ მრავალი…

იარეს დღე და ღამეცა,
მივიდნენ თაგვთა მხარესა,
მინდორზედ ჯარი დაბარგდა,
თაგვთ ემუქრიან მწარესა,
ამბობენ: ,,დავხოცთ, გავჟლეტავთ,
ერთიან, დიდს და მდარესა,
თუ კი ხვრელიდან გამოსვლა
იმათ არ დაიზარესა”…

თაგვთა მეფამ რომ გაიგო
ლაშქრის მოსვლა, დაბარგება,
თხუნელების ჯარი იხმო,
ბრძანა ვირთხის დაბარება;
,, დედოფალიც თუ არ ვიხმე,_
ამბობს, _ხომ არ ევარგება?
მოყმე, მოძმეც მოვიმარჯვოთ,
არ ვარგა დაგვიანება”…

ეს რომ სთქვა_და, დაიბარა:
ვირთხები, ბლომად თხუნელა,
უბრძანა: როცა დაღამდეს,
წრუწუნა დამალეთ ყველა,
მას უკან კატის ურდოში
შეიპარეთ ნელ_ნელა,
რადგან ჯარი ჯერ ცოტა გვყავს
ვერ შევებით ხელ_და_ხელა”.

იმ ღამეს ლურჯა თაგვები
შეეპარეს კატის ურდოს,
ტომრები სულ დაუხვრიტეს,
ლაშქრობაში, დიაღ ცუდ დროს,
ნუზლი ბევრი შეუჭამეს,
თითქო ვისმე გაექურდოს,
რა ინათა, მიაშურეს,
სოროებში ფეტვის ბურდოს…

გათენდა, მამლის ყივილმა
სულ შესძრა კატის ჯარია,
რა ნახეს ნუზლი შეჭმული,
სთქვეს თუ_ვის გაუპარია?
ტომრის ნახვრეტთან ამცნივეს,
რომ თაგვთა ნასაქმარია,
სთქვეს: ,,თუ ასეა, თაგვებსა
დღე დაუღამოთ მწარეა!..”

შეგროვდა კატისა ჯარი,
შემოკრბა ყველა ერთ წამსა,
უცვივდნენ თაგვთა სოროებს,
დაუწყეს ფხოჭნა მიწასა,
მოგეხსენებათ_კლანჭები
როგორ მჭრელი აქვს ციცასა!
კნავიან, მრისხანეობენ,
ზოგი თავის კუდს ჰფიცავსა!..

თაგვთ რა შეიტყეს კატების
მოხდომა მათსა კარებსა,
შექმნეს წრუწუნი, გასწიეს,
ერთიან აიყარესა,
ხვრელ_ხვრლ იარეს დიდ ძალზე,
სულ ისე გაიპარესა,
სხვა სოროებით ამოძვრნენ,
წყლის პირზედ დაეპწკარესა.

კატებმა ნახეს მოტყუვდნენ,
მაშინ მოსწყდათ იმათ წელი,
დაიძახეს: ,,ვაი მაგათ!
მაგ ბილწებსა მივყოთ ხელი!”
ისკუპეს და გადაცვივდნენ,
დაერივნენ, ვით თხებს მგელი,
თაგვებმაც შემოგვიტყუეს_
და გაჩნდა ომი ფიცხელი!..

შეიქმნა ჩხავილ_კნავილი,
წრუწუნი, ლაწილუწია,
სისხლის ღვრა, ტყავების ფხრეწა,
თაგვებსა ცოვამ უწია,
მრავალი ყრიან უთავოდ,
ზოგი სულ აუკუწიათ,
და აგერ დაჭრილ ციცისაც
ტყავის სისხლს გაუწუწია!..

დამარცხდა თაგვთა მეფაი,
ვერ ყოფილა მეომარი,
გაჭირვების ტალკვესივით
მოეშველა თრიის ჯარი,
ნაღმის ჩამდგმელი დასჭირდათ,
თხუნელაა მოსახმარი,
დედოფლებიც გამოჩნდნენ,
ამათვე მოაბეს მხარი!

კატებმა ტოტსა გაიკრეს,
კლანჭი გაშალეს მრუდები,
მარჯვნივ, მათ მოსდგნენ ვირთხები,
ციცებს უხვედრეს კუდები,
თაგვები ურდოს დაეცნენ,
ხელთ იგდეს ნუზლის გუდები…
ბაყაყნი სეირს უცქერენ,
ომში არიან ცუდები!…

ამ დროს გამოჩნდა სერზედა
მეფე ქორ_მეძებრებითა,
თურმე ნადირობს იმ დღესა
მწევრებით, დიდის კრებითა,
იამა თაგვთა მეფესა,
ეშველა ღვთისა ნებითა,
გაბრუნდა ციცისა ჯარი,
გაიქცა დიდის ვნებითა!…

ასე გათავდა ეს ომი,
ასე მიამბო გადიამ,
თავს არ შეგაწყენთ მეტადა,
კალმის დადებაც მწადიან,
მე ისტორიას არა ვწერ,
ზღაპრის თქმად მოვემზადეა,
_ჩემისთანა მელექსებად
ხომ მესტვირებიც დადიან!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი