მოხუცი ხიზანი ყმაწვილ მემამულეს
ვაჟო, რად მითხოვ აქედგან, ნეტა რა დაგიშავეა? ღმერთმა ხომ იცის, მე შენთვის არა ვყოფილვარ ავია… ხარჯს ვიძლეოდი რიგიანს, არ დამიკლია ბეგარა, ხიზანი ვიყავ მე შენი, შენ ჩემი თავი გებარა… თქვენგნით ვართ დანათლულები, ჩვენში ტრიალებს მირონი, რომ გვერეკებით, ხომ გავხდით სამტრონი, სანადირონი?!… პაპაშენს ბაბუაჩემი სიტკბოთი შემოჰხიზვნია, დღეს კი იმისმა მოდგმამა შენგნით პანღური იწვნია!… რადა, ბატონო, რას მერჩი, რა დაგიშავე ბეჩავმა? არ დაგაკელი, მიბრძანე, რა გაწყენინე ბედშავმა!_ მე არ გიხნავდი ხოდაბუნს, გიმკიდი, შეშას ვზიდავდი, გზღნობდი, გაძლევდი ღალასა, ვენახში ვაზსა ვწიდავდი?… კაცო, შეჰხედე ღმერთსაცა, ის უფრო მოსამართლეა, არ მოგიწონებს მაგ საქმეს, არა და არა, ნათლიავ!… მენა აქა მაქვს სახლ_კარი, ფუძე, აქა ვარ ჩვეული, სადღა წავიდე ბედკრული, როგორც თიკანი ეული?! სადღა წავასხა ჯალაბი, ბალღები, კრუხი, წიწილი?… არც შენთვის არის სახელი, რომ გავიწყვიტო სინსილი!… ვაჟო! ჩემი ხნის კაცისთვის სხვაგან რა გასაძლებია? ან სად წავიღო, სად ჩავფლა ე მამა_ პაპის ძვლებია!… ნუ მიზამ, ღმერთი გაცოცხლებს ი მამიშენის ლხენასა! შემოვხიზნივარ შენს კალთას, შენგნითვე ველი რჩენასა!…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი