მეფე და მხატვარი
სუფევდა მეფე ცოტა მრისხანე და მარცხენა თვალ ამოშრეტილი, მიზეზს ეძებდა ერთის მხატვრისა, ჯავრი რამ ჰქონდა გულს შტაბეჭდილი. იხმო თავისთან იგი მხატვარი, უბრძანა: ,,კარგად გადამხატეო…” მხატვარმა ოხვრით წარმოსთქვა ჩუმათ: ,,ბედო, მე რაზედ მიღალატეო!..” შემდეგ იფიქრა: ,,თუ ბრმა დავხატე, _ მომკლავს, მიბრძანებს ,,ვითა მკადრეო?..” თუმცა ორთვალი, თავს მომკვეთს, მეტყვის; ,,მაგგვარი როდის დავიბადეო?..” შეწუხდა დიდათ, საბრალობელი, ვეღარაფრისა იქმნა მომგონე, ბოლოს ჩაფიქრდა და, დიდს ფიქრს შემდეგ, ძლივს მოიგონა მან ესე ღონე: დახატა მდგომი ტყეში ირემი: მეფეც თოფაწვდილ, სულგატრუნული, სიბრმავეც მას სულ არ ეტყობოდა, რადგანცა სჩანდა თვალდახუჭული! ნახატი ესე ტურფად შემკული, დიდის კრძალვითა მიართვა მეფეს, და ამნაირად მორჩა მხატვარი, საწყალობელი გადურჩა საფრთხეს. არაკი ესე ჩვენ გვამცნევს ჭკუას, ანდაზაც უბნობს მაზედ სწორესა: ,,ხერხი სჯობია__უთქვამთ__ღონესა, თუ კაცი დროზედ მოიგონებსა”.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი