მთხოვარა გლახაკი
ბავშვი ვიყავ, დედ_მამა დამეხოცა, გავიზარდე, ვთქვი: აწ ღმერთმა დამლოცა, გავისარჯე_და ერთიათად მომცა; მეც შევიქენ ოჯახისა პატრონი… მოგახსენო, შენ ხარ ჩემი ბატონი: _დატრიალდა ჩარხი ჩემის ბედისა, (თუ მეწვია ცოდვა ჩემის დედისა) გადამეწვა მე, ერთს ღამეს, სახლ_კარი, შიგ დამეწვა ცოლ_შვილი, ძროხა, ხარი; მეც ყვავილმა წამაქცია, დამსერა, ,,ბატონებმა” მიბატონეს ასე რა, თვალთ სინათლეც გამაცალეს, გამძარცვეს; მეზობლებმა სულ ერთიან გამპარეს, თუღა დამრჩა მცირე რამე ქონება… მიკვირს, შემდეგ როგორ შემრჩა გონება!… ბოლოს, ერთს დღეს, დრო რომ იყო ბინდისა. ხელთ ავიღე ყავარჯენი შინდისა, შეშის ურმის თვლების ჭრიალს გამოვყე, ქალაქს ტფილისს მათხოვარად შემოვყე, მას აქეთ მე აქ, ქუჩებში, დავღოღავ, მოწყალების თხოვნას მე ძლივსღა ვბედავ… დროებათა ქარიშხალთა დამბერეს, გამითეთრეს თმები და დამაბერეს… სიღარიბემ წელში ხუთად გამღუნა, ჭირმა, სევდამ, დამცა, დამაძაბუნა! ჩემზედ გლახა ქვეყანაზედ არ დადის, საპყარი ვარ, სიკვდილს ვნატრობ მარადის. საყდარს დავალ თითქმის ყოველს კვირასა, სხვა დროს ვგდივარ ერთი კედლის ძირასა. უქალამნო, უშარვლო, თავშიშველი, ძვირად მაძღარ,ხშირად მშიერი,სველი, მკერდს არ მწვდება დაგლეჯილი “მუნდერი”… თავზე დამდის:წვიმა,თოვლი,ხან მტვერი!… ხუთის წლის წინ პურს ვჭამდი ხუმრობითა, შევაქცევდი გამვლელთ მასხრობითა: ამგვარებაში აძლევენ მოწყალებას, გლახაკებს კი არ აქვთ შეწყალება! რა ხუმრობა ვეგარ შევძელ ცოდვილმა, სულ შემიპყრო მე შიმშილისა ძილმა… ზოგიერთი მოიგონებს მკვდრის სულსა, სულთაობას სადილს მომცემს და ფულსა, მაგრამ მცირეს,რომ არც ჭუკს ხვდეს, არც სულსა! თუ ცხონდება მკვდარი ერთის ჭამითა, მაშ აცხონოს ღმერთმა იგი ამითა! ერთხელ უცხოდ მოკაზმული მდიდარი, ყარაბაღის აჯილღაზედა მჯდარი მოაქროლებს, ამაყად იყურება; გროში ვთხოვე, ვუთხარი; “მეჭირვება” დამატაკა ცხენი, ჩამომიკივლა მკლავი მომტყდა,- იმან გაიღიმილა!.. ერთი ვინცხა,ვარსკვლავებით და ჯვრებიტ გავსებული, მოდიოდა კარეტით მოვახსენე: “ხრისტა რადი, ბატონო!” _”ასტავ! ბოღ დასტ! ტი პოლუჩიშ პატომუ!” ასე ვგდივარ, ვიძახი უპატრონო; “კუტი, გლახა შემიბრალე, ბატონო!” ვინც გაივლის ფეხებს დამიბარტყუნებს და იძახის (ასე ამითვალწუნეს): _”დაკა მაგას, თავში ჩაუფაჩუნე!… _რისთვისა მცემ, აბა, ჩემო ძამიავ? სამი დღეა პური არ მიჭამია!_ მომეც რასმე_ვითომ საყდარ სანტლები, არას მომცემ_ცემას რას მემართლები?! ზოგიერთი, სულ მორთული ხავერდით, მობძანდება, ჰაერს მოაპობს მკერდით, ამაყობს და იკლაკნება წელშია, მე ფულსა ვთხოვ, ის ქვას მიდებს ხელშია! უფალმა სთქვა:”გაიკითხეთ გლახაკი”. ქრისტიანნო! არ გაძევთ დიდი ხარკი, რომ ხანდისხან მიბოძოთ თითო ფარა. შემიბრალეთ, შიმშილმა გამამწარა!…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი