მთხოვნელი მსაჯულისადმი


მოველ, ბატონო, ღმრთისა მსაჯულო,
გენაცვალების შენ ჩემი თავი,
მხურვალედა გთხოვ, ცრემლითა გვედრი,
გულს მომაშორე მე ცეცხლი მწვავი,
გთხოვ, დამიბრუნო მე ჩემი შვილი,
დედა ვარ მისი, განა მომკლავი?
სხვა რად ჰპატრონობს ჩემსა ნაშობსა,
რისთვისა სტანჯავს მანდ მდგომი სვავი?
შვილი ჩემია, უარს ხომ ვერ ვყოფ,
გთხოვ, მომაშორო ეს ცეცხლის ალი,
მე ბევრს ვერ შევძლებ, სუსტი ბუნების
დედა ცოდვილი, ბედკრული ქალი.
ეს კაცი მებრძვის, შვილი წამართვა,
ვისი უპყრია, მიბრძანე ძალი?
შენ რად არ მომცემ ღმრთის ნაჩუქრებსა,
რად არ მიბრძანებ, თუ გწამს უფალი?

ამ დროს მიჰხედა შვილსა დედამა,
თვალს უშვრებოდა, უქნევდა ხელსა,
ჩემთან მოდიო, მას ანიშნებდა,
ცრემლს კი ვერ ჰღვრიდა გულის შემწველსა.
შვილსა, შემკრთალსა ბატონისაგან,
ვერა ვხედავდი დედისკენ მსვლელსა,
რომ მისულიყო, გადაეკოცნა,
დედაშვილურად ჰხვევოდა მკერდსა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ნანა იოსელიანიხელოვანი3 წლის წინ

ლექსი „მთხოვნელი მსაჯულისადმი“ სინამდვილეში ეკუთვნის იოსებ სიმონის-ძე მიქაბერიძეს (კოწია მიქაბერიძის მამა)б რომელიც გარდაიცვალა დაახლოებით 1888-9 (წლებში დაბადების წელი არ ვიცი). იოსებ მიქაბერიძეს მისი სამსახურებრივი ვალდებულებით (მუშაობდა ზუგდიდსა და სენაკში „Окружным начальником“) ხშირად უხდებოდა სხვადასხვა სამოქალაქო დავის გარჩევაში მონაწილეობა. ბებიები მიყვებოდნენ, იოსებ მიქაბერიძის გულკეთილებასა და სამართლიანობაზე სამეგრელოში ლექსებს წერდნენ და ჩონგურზე ამღერებდნენო. ეს ფაქტი ავღნიშნე იმიტომ რომ მეჩვენებინა, თუ რამდენად აღელვებდა მას სამართლიანობის თემა, რომელიც ამ ლექსის მოტივს წარმოადგენს. ლექსი „მთხოვნელი მსაჯულისადმი“ დაწერილია 1857 წელს და არ არის მისი ერთადერთი პოეტური ნაწარმოები. იოსებ მიქაბერიძე და რაფიელ ერისთავი მეგობრობდნენ იმდენად, რომ იოსებს რაფიელისთვის გაუგზავნია ეს ლექსი თავისი სახელის და გვარის ხელმოწერით და თხოვნით, დაებეჭდა იგი ჟურნალ „ცისკარში“. მართლაც ლექსი დაიბეჭდა „ცისკარში“ 1861 წელს. 1958 წელს ლექსი შემთხვევით, ვიღაცის დაუდევრობით მოხვდა 1958წ. გამოცემულ რ. ერისთავის ერთტომეულში (გამომცემლობა „საბჭოთა მწერალი“, გვ. 555), რის მერეც სამუდამოდ მიეწერა რაფიელ ერისთავს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ რაფიელ ერისთავისთვის ამ შინაარსის ლექსი საშიშროებას არ წარმოადგენდა, იოსებ მიქაბერიძის მხრიდან კი, მისი თანამდებობის გათვალისწინებით, იმ დროს ამ ლექსის საკუთარი სახელით გამოქვეყნება საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო.

იოსებ მიქაბერიძის შთამომავალი, ნანა იოსელიანი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი