ქრთამის წინააღმდეგ


მე ქრთამს არ ვეძებ, თქვენც კარგად იცით;
ამას არ უნდა კვეხნა და ფიცი.
ქრთამის აღება მეთაკილება,
რადგან სახელი გამეკილება.
დიდი კაცი ვარ თანამდებობით
და ხალხის მოვლაც ხომ მეყურება!..
(ამას არ ვამბობ მე თავის ქებით),
მაგრამ,თუ ჩემზე უფროსი სწყრება,
ნაშინ გავტრუნავ თაგვივით სულსა,
ჩავღუნავ თავსა, დავუგდებ ყურსა…
ჩემი უფროსი ერთხანს იშფოთებს,
რა დაიმშვიდებს მღელვარე გულსა,
მოვა და ისევ მომეფერება:
ისევ დამიწყებს პატივისცემას!…
იცით, რისთვისა? _ ვერ მკადრებს ცემას,
ლანძღვით კი მლანძღოს, რამდენიც ჰნებავს,
ვერ მომაყენებს იმითი ვნებას!…
მასთან, არა ვარ მბღოჭველი კაცი, _
ქრთამს არ ავიღებ, განა არ იცით!…
თუ მიტავაზებთ კარგსა ბაჩასა,
ან ლაზარინოს წყვილ დამბაჩასა,
ეს მეგობრული იქნება ძრნობა,
ამაში ყველა დამემოწმება.
მე ქრთამს არ ვიღებ, განა არ იცით?
თუ გსურსთ, გარწმუნებთ მე ამას ფიცით!
თუ გამოგზავნით ირმის გავასა,
მე ვინ დამიწყებს მასზედ დავასა?
ეს რა ქრთამია, განა არ იცით?
_ მოსაკითხია, გარწმუნებტ ფიცით!
_ ან ხანდიხანა: კაკაბს ხოხობსა,
დურეჯს, ჯეირანს _ სუფრის შემმკობსა,
ველურსა ღორსა, მშველსა და ტართსა,
მასინ გადავყრი გულიდან დარდსა…
ეს რა ქრთამია განა არ იცით?
მოსაკითხია, გარწმუნებთ ფიცით!
თუ მასმევთ კიდეც კახურ ღვინოსა,
რომ უფრო კარგად მომელხინოსა,
ეს ხომ სულ ყველას დაგვაგვირგვინებს
და იქვე ტკბილად მე მიმაძინებს!…
ეს რა ქრთამია, განა არ იცით?
მოსაკითხია, გარწმუნებთ ფიცით!
თუ მაპატიებთ ოცის კაცითა,
შინაურულად გეწვევით შინა,
თქვენს ცოლსაც ისე მივუალერსებ,
თითქოს მქონდეს მე თქვენთან ბინა!
თქვენ ქალსაც გულით გადავეხვევი
და გადავკოცნი იქ,თქვენს თვალწინა!
ნაცვალ იმისა,თქვნეს სულელ შვილსა,
ჩვენთან დავნიშნავ და წავწევ წინა!
მისთვის ადგილი თუმცა არა მაქვს,
მაგრამ მე გავხსნი იმავე წამში:
ჩემთან მსახურობს ღარიბი კაცი,
ძლიერ წვრილშვილი,შესული ხანში
თუმცა კი შრომობს,ერთგული არის,
მაგრამ დავუგებ ამნაირ მახეს:
ვეტყვი-გეყოფათ თქვენ სამსახური
და აღრარც მომწონს მე თქვენი სახე…
შემდეგ ამისა წავა საწყალი,
ოცდახუთმეტის წლის ნამსახური,
ერთგოჯ წვრილშვილსა ნეტა რით არჩენს?
ეს ქრთამს არა ჰგავს, რომ შემოგფიცოთ…
ხომ შეგიძლიანთ, თქვენც დაამტკიცოთ?…
მე ქრთამს არ ვიღებ, ან კი რას მომცემთ?
ოცდათ თუმანს ხომ არ ავიღებ?
არც სამოც, ოთხმოც, არც ორასისთვის
ამოვიღებ ხმას, კრინტს არ გავიღებ.
და თუ კი მომცემთ და მიწყალობებთ
ოციათასის თუმნის ოქროსა,
რა გაეწყობა,მოვკიდებ ხელსა,
თუ Gგინდ სახელი გამიოხროსა!
თუ გინდა გამსვაროს თავით ფეხამდინ,
სულ გამიჩირქოს ორივ ხელები!
არას დაგიდევ, საპნით დავიბან
და ფულით მაინც ვისახელები!…
ჯერ ქრთამს არ ვიღებ,განა არ იცით?
ხალხს არ დავჩაგრავ, გარწმუნებთ ფიცით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი