რთველი


ყურძენი დამწიფებულა,
დახე,როგორ წითლად ღუის,
ჩქარა, ჩქარა რთველი თორემ
კოღო, ბუზი თავს დაჰბზუის.
შეიკრიბნენ კრიფავები,
ამოუდგნენ თითო ვეზსა,
ყურძენს სვლეპენ, იცინიან
და მოაბეს მხარი მხარსა.
მტევნებს ჰკრეფენ, ჰგლეჯენ, სჭრიან,
გაჰკრეს,გაჰკრეს,ვენახს ხელი,
კალთები იზვირთება
და შეიქმნა ხშირი რთველი!…
საურმეზე გოდრები დგას,
კალათს სცლიან ზედიზედა,
აბა, ბიჭო მარნისაკენ,
თორემ ძლიერ გაიჭედა.
იკიდებენ მძიმე გოდრებს
სიცილით და ღიღინითა,
ურმით მიაქვთ საწნახლისკენ,
ნება-ნება, ჭრიჭინითა…
აბა,გიგო,კრჩხა თუ გინდა,
ან ჯაგანი, ან აკიდო,
შენი წილი ზამთრისათვის
მოდი,ზურგზე წამოგკიდო…
ჩვეულება ასეთი გვაქვს,
ხილს ვინაცავთ საზამთროსა,
ყურძენი სჯობს შესანახად
ნესვებსა და საზამთროსა…
მზე ჩავიდა. საწნახლიდან
მოწანწკარებს ტკბილი წყარო,
აბა, ბიჭო, შეადექით,
ახლა წურვას მ,ოპვუჩქაროთ…
ბიჭებმა ფეხთ დაიბანეს,
შემოიადგნენ საწნახელსა,
გადიან და გამოდიან,
უმადლიან ყურძნის რთველსა.
აგერ ტკბილმას მოიმატა,
ძლივსღა იტევს მოკლე ღარი,
ჩქაფაჩქუფით მოჩქიალებს,
ქვევრი დახვდა უმაძღარი!…
დაილოცა ღვთის ნაკურთხი,
ჩვენის ოფლით მონაგარი,
მაშ პირველა ღვთისთვის იყოს,
ზედაშე და კელაპტარი!….

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი