ქურდი მკერვალი
ერთი მკერვალი ყოფილა ქურდი, ნაქსოვის ჭრაშია (მკერვლისგან დასაჯერია, მოსატანია ჭკვაშია); თურმე მან ნახა სიზმარი, ხე ამოსვლოდა პირშია, ზე წამოვარდა უეცრათ, გულში ჩაეჭრა შიშია, რადგან იმ ხისა შტოებზედ ყველგან ეკიდა ნაჭრები, მისგან ნაპარი ნაჭრები, მისგანვე გამონაჭრების… წამოხტა, შესჩივლა შვილსა: `არ არის მეტი ღონეო, როდესაც პარვა შემატყო, მსწრაფლად ხე მომაგონეო…~ ერთს დღეს ვიღაცა მდიდარმა მოიღო ოქროს ქსოვილი, სთხოვა ამ მკერავს გამოჭრა… (ადრევე ჰყავდა ცნობილი.) რა მაკრატელი გაუგდო, შვილი უმზერდა მამასა, პარვა რომ იწყო მკერვალმა, ხე მოაგონა ამასა. მაშინ გაცეცხლდა მკერვალი, გაბრაზდა, როგორც მგელიო, მივარდა შვილსა საწყალსა, პირში ჰკრა მაკრატელიო… ბოლოს წარმოსთქვა:`ამ ბრიყვმა ხმა აღარ გაიკმინდაო, ან ამისთანა ნაქსოვი იმ ხეზედ სად ეკიდაო?!.~ ნუღარა მკითხავთ: `ავ კაცსა ხელი რად გაუბრუნდაო.~ ანდაზად უთქვამთ:`კაი მთქმელს კაი გამგონი უნდაო.~ იტყვიან:`ვაი, შინაურს!!…~ და `მადლი მატლად იქცაო…~ არ იქნა, ავი ვერ მოვსპეთ, დამბადებელსა ვფიცავო!…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი