სიმღერა


ნეტარ იმ დღეს, შენ რომ ბაღში მელოდი,
მოველ და გულს მომაშორე მე ლოდი!
შენის ეშხით მე თავზარი დამეცა,
მთლად ავთრთოლდით, მახსოვს, შენცა და მეცა……

მოხველ და გულს გადმომფინე დალალი,
ბროლ_ფიქალი, ვარდ_გიშერი და ლალი!
შენი შეყრა ამ ჩაგრულს გულს იამა,
ფშვენით მატკბე, როგორც ვარდმა, იამა.

დამხსენ ოხვრას, ტანჯვას,კვნესას, ცოდვილსა.
გამიხსენი სამოთხე მე, ცოდვილსა!…
გადმაყარე გულზე, თავზე სულ ია,
მეც შეგწირე სიცოცხლე და სულია!…

დრო იცვალა: მიმუხთლა ვინც მიწამა…
აღარც მომკლა, რომ მიმიღოს მიწამა…
ჯოჯოხეთად შემიცვალა დარია…
ჩემს წყლულს გულში სამსალა რამ დარია!…

აღარცა ჰსურს მისალბუნოს იარა…
ჩემმა სატრფომ ჩემსკენ აღარ იარა!…
მე, უძლური, ვგდივარ ასე ავადა…
რა შევცოდე, რომ მომეპყრო ავადა!

და ეს გული უწყალოდ რად ასერა?
ესოდენი რად ვაწყინე ასე რა?
რისთვისა მკრა გესლიანი ისარი?
ჩემი მკვლელი და მომრჩენიც ის არი!

მოდი, ჩემო, წყლული გული დანამე,
ან არა და გულში დამეც დანა მე!
მოისწრაფე, როგორც მარჯვე მომკალი,
ან მაცოცხლე, ან ისევ შენ მომკალი!…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი