თესალონიკი. თვე მეთხუთმეტე
ზღვა დამხრჩვალ თევზებს გამორიყავს და კორპუსების, პორტების და ძველი ქარხნების ფეხებში დაყრის. ზღვა დაიღალა თევზების კვებით, გემების ზიდვით, ჩვენი ყურებით, წამოდი, უკან დავიხიოთ. ზღვამ არ იცის, რომ მაისია, ჩვენ ნუ ვეტყვით, ნუ შევახსენებთ, რომ ფორთოხლების ხეივანი აყვავდა უკვე და დამთავრდა ჩრდილოეთში წყალდიდობები. ზღვას დაავიწყდა, უკვე დროა, რომ შემცირდეს ძარღვებში წყალი და ტკივილმა ისევ იმატოს. მე ვიცი, ჩემი ზღვა აქედან შორსაა და სხვა აქვს ფერი, და სხვა აქვს ძალა, ჩვენ დღეს ვართ შიშვლები და არ შეგვმოსავენ, თავს ნუ ამარიდებ. ჩემს დაღლილ თვალებს არა აქვთ ზღვის ფერი, სიბნელის ფერი აქვთ და უფრო ბნელი ტკივილი მავსებს, დავცქერი ხელებზე ხაზების ფორიაქს _ მოკლეა ჩემი სიცოცხლის ხაზი. ამბობენ, ვცხოვრობ ამ ქალაქში კარგა ხანია, დაკარგული ბავშვის თვალებით, ყალბი ღიმილით და ტელეფონში შენთვის სათქმელი ტყუილებით, რომ მე კარგად ვარ, რომ ცხოვრება შეუდარებლად მშვენიერია, რომ არ მაწუხებს გემების ფეხქვეშ ათქვეფილ, ანდა დამხრჩვალ თევზებზე დარდი, დეკორატიულ ფორთოხლების უსულო სუნი და გაზაფხული, წელს უამინდოდ რომ მოვიდა. ამბობენ, მიყვარს ეს ქალაქი და ამიტომაც მეფიქრება მისი ზღვა, მისი თევზები, მისი ქუჩები, ფორთოხლები, თეთრი სახლები და გემები, დედამიწის ყველა კუთხიდან უმიზეზოდ მოხეტებული. მე ვიცი, შორსაა ქალაქი ჩემი, იმ სულ სხვა ზღვასთან, და სადაც დღეს ვარ, ამ ნავსადგურიდან გამოსულ გემებს სხვა ნავსადგურში მშვიდობით შესვლა როდი უწერიათ ყოველთვის. ჰოდა, შუქურა ჩემი შენა ხარ, ვიცი, მე უცხო მიწიდან სიზმრები მომდევს და ტკივილისგან შენი ხმა მიცავს. ბევრი ქალაქის მტვერი ადევს ფეხსაცმელს ჩემსას, ფილტვებიც ვეღარ ზიდულობენ სხვადასხვა ჰაერს, თმაც გამეჟღინთა სხვადასხვაგვარ წვიმების სუნით და ხანდახან აქცენტსაც ვიცვლი ლაპარაკის დროს, ხანდახან მავიწყდება სასვენი ნიშნები, ხანდახან მერევა ლოცვები და სალოცავები, ხანდახან ვხვდები, რომ ისეთი პატარაა სამშობლო ჩემი, რომ მსოფლიოს რუკაზე უკვე, სხვებს კი არა, მეც კი მიჭირს მისი მოძებნა. და როცა ერთადერთი გზა, დასაბრუნებელი, ზურგს მაქცევს და ისე გრძელდება, როგორც ზღაპრული გველი, დაუნდობელი და უგულო, შენ ჩნდები მაშინ ჩემი შავ-თეთრი და უბოროტო სიზმრებიდან _ ზუსტად იგივე ადგილას დგახარ, სადაც დაგტოვე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი