სახლი


--
მახსოვხარ.
შენი ნატერფალის სითბოს ვინახავ.
ახლა ვინა ხარ, როგორი ხარ, სად გაქვს სხვა ბუდე
არ ვიცი. ბევრჯერ, გაცვეთილი ფერით მინახავს
სიზმარი _ ჩემკენ იხედები, რომ კვლავ დაბრუნდე.

დიდი ხანია, აღარ ყვავის თეთრად მარტი და
ჩემთან მოსული ცრემლს ღრუბლებში იმალავს მთვარე,
მახსოვხარ,
გზისკენ მომზირალი დედის კალთიდან,
ფეხაუდგმელსაც გაქცევაზე გეჭირა თვალი.

ჯერ არ წამშლია ფერდებიდან მკრთალი ხაზები
შენი სიმაღლის, თვალებიდან _ შენი იერი,
ზურგიდან _ შენი ნაბიჯები და ძველ სპაზმებად
ყვითელ ალბომებს ვიტოვებ და ვათვალიერებ.

მახსოვხარ.
მაშინ, როცა წვიმს და ჩემს ნატყვიარებს
არ ინდობს ქარი, დედამიწას ვაკრთობ ცახცახით,
არ მაძინებენ აჩრდილები მობორიალე
და კოშმარები, ჩვიდმეტი წლის წინათ ნანახი,

იმ გზას ვუყურებ, რომელ გზითაც მაშინ წახვედი,
ქვემეხებმა რომ ზეცა თავზე ჩამოგვაქცია,
და მეჩვენება _ მამის ხელი უკან გახედებს,
მოდიხარ ჩემკენ და ბავშვობის კაბა გაცვია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი