არავინ მითხრა ..


არავინ მითხრა,
სად მთავრდება ჩემი ზღვა და სად იწყება შენი,
ომის შვილებს არ გვყოლია მასწავლებლები _
ისინი ოდესღაც, ომამადე დაიხოცნენ.
ჩვენ ცოტა ხანს გვეძინა მათი თბილი ცხედრების გვერდით
და როცა კანის სიცივე ვიგრძენით,
გამოვფხიზლდით,
თვალები მიწით ავივსეთ,
ჯიბეები _ წყლით.
ერთმანეთისთვის სიტყვაც არ გვითქვამს,
გზას დავადექით.
და როცა მიწა ცრემლმა მკერდთან ჩამოიტანა,
და წყალიც წაგვსკდა დახვრეტილი ჯიბეებიდან,
მოვიხედეთ უკან და ვეღარაფერი ვიკითხეთ.
არავინ მითხრა,
რომელ სანაპიროზე გამორიყა ზღვამ
ადამიანთა ლეშით გამსკდარი
უფრო მეტი მკვდარი თევზი,
ჩემთან თუ შენთან,
სად ეძებდნენ უფრო დიდხანს სანგრებში ჩარჩენილ მიცვალებულებს,
ვისი სახლი უფრო დიდხანს იწვოდა,
ვისი ცრემლი უფრო მწარე იყო
და ვისი სისხლი _ უფრო წითელი.
არავინ არაფერი მითხრა,
მეც ასე, ჩუმად ვზივარ და გიყურებ.
იცი, შენ ჩემი ბავშვობის მეგობრის სახელი გქვია,
მე ის დავიწყებულ სანაპიროებზე მეტად მიყვარს,
მას აპრილივით მწვანე თვალები აქვს
და მზესავით თბილი ხელები.
გიყურებ და არ შემიძლია, მძულდე.
თქვი, რა ერქვა შენს ბავშვობის მეგობარს,
იქნებ ჩემი სახელი ერქვა,
იქნებ რაღაცით ვგავარ კიდეც.
თქვი, როგორი სუნი აქვს ჩემი ეზოს ბალახს ნაწვიმარზე
და როგორ დადის მსხლების ჩრდილში ბებიაჩემის ლანდი.
თქვი, როგორ გუგუნებს სახლის კედლებში ექოდ
ჩემი ბავშვობის სიცილი,
რომელიც არ მახსოვს.
თქვი, როგორ არის მამაჩემი,
ქვის საბანი ხომ არ გადაძვრა,
წვიმებმა ხომ არ დაუსველეს ხავსის საწოლი,
მომიყევი, როგორ დგება ყოველ დილით დანაოჭებული მიწიდან
და ჰაერს მტვერივით ეპოტინება _
იქნებ თვითონ მაინც მოაღწიოს ჩემამდე.
თქვი, როგორაა მამაჩემი,
თქვი და მოგისმენ,
მერე კი დაფლეთილი აფრებივით დავუშვებ ქუთუთოებს
და ცრემლს გავატან
თვალებში ჩარჩენილ უკანასკნელ მიწას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი