კაუნასი. სალომეია ნერისის ქუჩა.


დიდი ხანია, გამოისხეს ხეებმა მკვდრები,
დგანან სახლები და სინათლეს ფანჯრებით ჭამენ,
დადაბლდა მიწა, რადგან ფეხი აიდგეს ქვებმა
და ყველა ხეზე თითო-თითო კიდია გვამი.
დიდი ხანია, ჩვენს ქალაქში სულების დრო დგას,
დრო დგას ცისა და დედამიწის განაწილების,
მე გაგიმრავლებ უხერხემლო, უდღეურ მოდგმას _
ცრემლით და მოთქმით გაჩნდებიან ჩვენი შვილები,
რადგან მეც მერგო ერთი თოკი, მერგო ერთი ხე
და მეც გვამი ვარ, ბედნიერი თაობის შობა
არ შემიძლია, ვინც დამწყევლა და ვინც შემრისხა,
მან მითხრა _ მკვდრები მონატრებას ვერასდროს გრძნობენ.
შენ არც კი იცი, ზოგჯერ როგორ მძიმდება ტანი,
ისე მძიმდება, ეს ტოტებიც ვეღარ მიჭერენ,
ჩამოიარე, გევედრები და გრძელი დანით
მარტოობის და დარდის თოკი გადამიჭერი.
მე გელოდები _ ყველას დრო აქვს თავისი ბრძოლის,
სანამ შენ მოხვალ, მე ჰაერის კუბოში ვწევარ,
გიცდი მილიონ გვამთან ერთად მე, შენი ცოლი,
მიწაში ლპობა მირჩევნია ჰაერში რწევას.
ჩვენს წყნარ ქალაქში გამოისხეს ხეებმა მკვდრები,
მოდიან სხვები, საწამლავით ხეივანს რწყავენ,
შეიძრა მიწა, რადგან გზები დაკარგეს გზებმა
და ჩემს წილ ხეზე შენი წილი ვკიდივარ გვამი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი