ყველაზე ლამაზი დედაა ჩემი მეგობარი ..
ყველაზე ლამაზი დედაა ჩემი მეგობარი, მას ორი შვილი ჰყავს _ მზის ყვავილები, მათი თვალები სიცოცხლის ხაზებივით მაჩნია ხელის გულებზე და სამუდამოდ დაძინების ნებას არ მაძლევს. მის სახლში ყოველი საღამო იავნანაა და ყოველი დილა _ ალილუია, აქ უცნაურად ბევრდება პური, ღვინდება წყალი და სიცოცხლის ყველა ფერი თავს უხმოდ იყრის ერთ პაწაწინა მაგიდაზე, რომლის გარშემოც ხშირად ვსხედვართ, რომლის გარშემოც მუდამ ბრუნავს ჩვენი ყველა უცნაურობა. ჯადოქარია ჩემი მეგობარი, მისი სახლი გვერდზეა გადახრილი, ღამით ფეხს იდგამს და ზღაპრებში მოგზაურობს, შუაცეცხლზე ფაფა თუხთუხებს. მის ფანჯარასთან ჩერდება ყველა ქარიშხალი, ყველა ღვარცოფი, მისი სახლის ფარღალალა ფანჯარასთან მუდამ დარია. და მისი შვილები _ სამოთხის ყვავილები იზრდებიან და იშლებიან მზის გულზე, ზეცის სინათლეში, თაფლისა და იის წვიმაში, ჩუმ ჩურჩულში უძველესი შელოცვების, მათი ღიმილი გვირილების მინდორია, მათი სუნთქვა _ გაზაფხულის თბილი ნიავი. ყველაზე უცნაური გოგოა ჩემი მეგობარი, მას ხშირად ესიზმრება შორეული მწვერვალები, უფრო შორეული ჩინეთი და მეზობელი ქვეყნის თოვლიანი დედაქალაქი, მისი ამბები ისტორიიდან ამოხეული ფურცლებია, მისი დუმილი _ ჩემი გზების თავშესაფარი. ოდესმე მოვა დრო და მე მის სიზმრებში გადავბარგდები _ იქ ცხოვრება უფრო ადვილია. ყველაზე ლამაზი დედაა ჩემი მეგობარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი