ამბავი მუცლითმეზღაპრეობისა
მას ეჭირა ჩემი ხელი და ამბობდა, რომ ჩემს ბიჭს თვალებში ზღვა აქვს, რომ მთები ადგას მხრების მაგივრად, რომ დედამიწა მისთვის მხოლოდ ფეხის მტვერია. _ დაწერილია _ თქვა მან _ ვერავინ მოერიოს კაცს, რომლის თვალებიც უძირო წყალია, წყალი, გაზაფხულივით გამჭვირვალე, კაცს, რომელსაც ყოფნის სიმაღლე ცის და მიწის შესაერთებლად, მთის და ტბების შესაერთებლად. ვერავინ მოერიოს ასეთ კაცს, ვერცერთი ქალის სიყვარული. მას ეჭირა ჩემი ხელი და ამბობდა, რომ ჩემი თვალები ზღვით ნარეცხ მიწას ჰგავს, რომ ჩემი სულიც არის წყალი _ გზას ყველგან იპოვის და თუ დაჭირდა, მასაც დაახრჩობს, ვინც საკუთარ ფიქრზე მეტად უყვარს. _ დაწერილია _ თქვა მან _ ვერავინ შეიყვაროს ასეთი ქალი, იმანაც კი, ვისაც მთები მხრებით უჭირავს, იმანაც კი, ვისთვისაც ეს ქალი თავად გაიყოფა ორად, როგორც ბიბლიური მდინარე, რომ კაცს ფეხი არ დაუსველდეს. დაწერილია ზეცის წიგნში _ ასეთი ქალი ვერავინ შეიყვაროს. მას ეჭირა ჩემი ხელი და ამბობდა, რომ ეს სიყვარული ჰგავს გაზაფხულზე აყვავებულ ტყემალს, დღემოკლეა და ლამაზი, სუფთაა და მარტო, დგას და ქარის ქროლვას მოელის. მე ვუსმენდი მას და მახსენდებოდა, რომ წინა დღეს შენ გეჭირა ჩემი ხელი და არაფერს, არაფერს ამბობდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი