0 805

ამბავი უსამშობლოთა


არასოდეს მიკითხავს შენთვის,
რას ფიქრობდა მამაშენი,
როცა საზღვარი გადაკვეთა _
ცალ ხელში ეჭირე შენ,
მეორეთი კი მიაგორებდა ერთადერთ, გაცრეცილ ჩემოდანს.
არასოდეს მიკითხავს შენთვის,
რა შეგრძნებაა,
როცა გვარი ერთს ამბობს და
პასპორტში, ეროვნების გრაფა _ მეორეს.
შენ ყოველთვის ლაღი იყავი და ბედნიერი,
თვალები ნათელი გქონდა და როცა მიღიმოდი,
მე მათში ვერ ვხედავდი შენს ვერცერთ სამშობლოს _
მხოლოდ მე ვჩანდი.
მე კი ამ დროს თვალცრემლიანი ვუყურებდი
ჩემი მთების თავზე უცხო თვითმფრინავების გადაფრენას
და გეუბნებოდი, რომ არსადაა ბედნიერება,
გარდა საკუთარი სახლისა,
გარდა საკუთარი ხალხისა,
რომ ყველაზე ბედნიერი სიკვდილი
მშობლიურ მთებში სიკვდილია,
ყველაზე უბედური კი სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ კვდები,
რომ სამშობლოს მიტოვება იგივეა,
რაც ახლადდამარხული მამის გვამის ამოთხრა,
ხორცის გაყიდვა,
ძვლების ზურგზე მოკიდება და კარდაკარ სიარული.
მე გეუბნებოდი,
რომ ჩვენთან წყლის გემო სხვაა,
მაშინაც კი, თუ ხშირად გიწევს,
ამ წყალში დამამშვიდებელი გახსნა და დალიო,
და ერთხელაც იმდენი დალიო,
აღარასდროს გამოგეღვიძოს.
ყოველთვის, როცა ჩემს სამშობლოზე გიყვებოდი,
ჩემი თვალები იყო ფართო
და შენ მათში ჩემს ერთადერთ ქვეყანას ხედავდი.
უბრალოდ, რატომღაც, ორივეს დაგვავიწყდა _
მე ახლომხედველი ვარ,
ამიტომაც ვერასდროს ვამჩნევდი
ჭუჭყს, რომელიც ზღვის ტალღებს მოჰყვება,
მთებს შორის _ უფსკრულებს,
ამიტომაც არასოდეს არ მითქვამს შენთვის,
რომ სინამდვილეში,
დიდი ხანია, გაცვდა ჩემი სამშობლოს ფირუზიცა და ზურმუხტიც,
და ახლა აქ არაფერს ისვრიან მიზანში ისე კარგად,
როგორც ფურთხსა და ტალახს,
რომ კაციჭამია მცენარეა ჩემი სამშობლო,
რომელიც ჯერ ძვლებიანად გვსანსლავს,
მერე კი ვეღარ გვინელებს და უკან გვაფურთხებს,
რომ აქ ხანდახან ჰაერიც კი ისეთი მძიმეა,
თითქოს კლდიდან მოწყვეტილი ლოდები
მკერდზე დაგეყარა,
მხრებზე დაგეყარა,
თითქოს ზურგზე მთელი მთა მოიგდე,
მიღოღავ, მიათრევ და ვერავის აჩეჩებ _
ამ მთასაც შენი სამშობლო ჰქვია,
ხელს არავინ წამოგაშველებს.
არც ის მითქვამს ოდესმე შენთვის,
რომ ჩვენთან ბრმა ტყვიით მეტი კვდება,
ვიდრე ბრძოლის ველზე,
და საბოლოოდ, ყველა მათგანის გულზე დაყრილი მშობელი მიწა,
მსუბუქი კი არა,
ბედის ბორბალივით მძიმეა.
არ მითქვამს, რომ აქ სიყვარული ხანდახან, სირცხვილია,
განსაკუთრებით, თუ ქალი ხარ და ხმამაღლა გიყვარს,
აქ სიყვარული არ გავს გვირილებიან, გაშლილ მინდორს,
სადაც სუნქავს კანიც და მიწაც,
ჩემს სამშობლოში სიყვარული არის ისეთი უცნაური და მოუხერხებელი,
როგორიც ჩვენი მთის ბილიკები,
სადაც მხოლოდ ცხვრებსა და გარეულ თხებს შეუძლიათ გავლა.
შემომხედე!
მე ისევ გიყვები ჩემს სამშობლოზე,
გიყვები სხვა ისტორიას,
გიყვები, როგორ შემსვეს ჯორზე უკუღმა
და სოფელ-სოფელ მათრიეს,
როგორ ჩამივარდა ფეხი ნაპრალში
და რადგან არავინ მომეშველა,
როგორ მოვიჭერი ფეხი და თავი გადავირჩინე.
გიყვები, როგორ არ ვუყვარვარ მას,
ვინც შენს მაგივრად, გულის სულ სხვა ნაწილით მიყვარს,
მიყვარს უფრო ხმამაღლა, ვიდრე ნებადართულია,
უფრო გაბედულად, ვიდრე ამის ნებას ჩემი მანდილი მრთავს.
ვდგავარ მარტო ჩემი ქალაქის ცარიელ მოედანზე
და შორიდან გიყვები,
რომ ახლა მივხვდი, არასოდეს მქონიდა სახლი
და ეს ღვარცოფიც, ქუჩაში რომ მიედინება,
სხვა არაფერია, თუ არა ჩემი ცრემლი,
დედინაცვლის საამებლად რომ ვაგროვე
და ბოლოს, რადგან ჭურჭელი არ მეყო,
გადმოვიდა და წალეკა ერთი ცოდვილის წილი სამყარო.
შემომხედე!
მე მინდა, გკითხო,
როცა ჩვენი ქალაქის დათოვლილ აეროპორტში
ისე დაგტოვე, რომ უკან მოხედვაზე არც მიფიქრია,
რატომ არ დამედევნე უკან,
რატომ არ მომკიდე ხელი
და რატომ არ მითხარი,
რომ ზოგჯერ სწორედ უსამშობლობაა თავისუფლება
და რომ უფრო მეტად უნდა მყვარებოდი, ვიდრე ჩემი მიწა,
რომელმაც არ მიმიღო,
დამმარხა და მერე,
რადგან გულზე მძიმედ დავაწექი,
გადმომაფურთხა.
კომენტარები (0)