ხუთგზის ლოცვებიდან


აღმოსავლეთის სარკმლებია მისი
თვალები.
როცა ყველა გზას ჩაგიკეტავენ,
გასაქცევი გზა, ერთადერთი,
სარკმელია.
მიმართულებაც ერთადერთია _
იქით გარბიხარ, საითაც
ლოცულობ.
მითხარი, ღმერთო, ეს უდაბნო რა
გზებით მიდის,
მითხარი, როგორ ავერიდო ზიზღს
და სიყალბეს,
მითხარი, ასე თავდახრილი,
ჩუმი და მშვიდი,
როგორ ვიყო და უფრო მეტად
როგორ მიყვარდეს.
მითხარი, როგორ შევაგროვო,
როგორ ავკინძო,
მისი ყოველი ნაფეხური და
ნათითარი,
და ხეტიალი რომელი გზით უნდა დავიწყო,
რომ ბოლოს მის გზას შევუერთდე,
ღმერთო, მითხარი.
სირცხვილივით მტკივნეულია
ეს სიყვარული, ჩემი _
არ ვიცნობდე და მიყვარდეს,
ვერ ვხედავდე და მიყვარდეს,
სხვისთვის იყოს და მიყვარდეს,
შიშველს მეძინოს ორპირ ქარში
და არაფერი მაწუხებდეს,
ისე მიყვარდეს.
ვიწვე თბილი წყალში, გადახსნილი
ვენებით და
კიდევ უფრო მეტად მიყვარდეს.
მარტის ამინდზე უცნაურია ეს
სიყვარული, ჩემი,
როცა არ იცი, რა ჩაიცვა,
დგახარ ქუჩაში უთავსაფროდ,
ზაფხულის კაბით,
ზამთრის ფეხსაცმლით,
თანაც გიკვირს _ ყველას გიჟი
რატომ გონიხარ.
უფრო მეტიც _
მარტის თოვლივით უხერხულია ეს
სიყვარული, ჩემი.
ღმერთო, მითხარი, ყველაფერი
რატომ ყუჩდება,
როცა ვიღვიძებ უხმო ცრემლით და
ყრუ ხველებით,
მისკენ გზას რატომ დაეძებენ ჩემი
ტუჩები,
მისკენ გზას რატომ დაეძებენ ჩემი
ხელები.
მითხარი, გარეთ ქარიშხალი როცა
მძვინვარებს,
მას როგორ იცავს ჩემი ფიქრის
ჭრელი ტიხარი,
და ჩემი უხმო სიმღერების გრძელი
მდინარე
სად დამთავრდება, რომელ
ზღვასთან, ღმერთო, მითხარი.
და რადგანაც ჩვენ, ყველანი,
გასაქცევ გზასაც იქით ვეძებთ,
საითაც ვლოცულობთ,
მე ყოველ დილით ვდგები
ფეხაკრეფით
და სახით აღმოსავლეთისკენ, ველი
სინათლეს _
ასე თენდება მისი თვალებიდან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი