შემოდგომა. წერილი პირველი.
ექვს წელზე მეტია, არაფერი ისმის შენგან, ექვს წელზე მეტია, ყოველდღე ვამოწმებ ფოსტას _ იქნებ გაგახსენდი. მახსოვს, როცა შენგან ბოლო წერილი მოვიდა, სიზმარში ნანახი ჯოჯოხეთივით იწვოდა ცის გუმბათი ჩემი ქვეყნის თავზე. შენ მეკითხებოდი, როგორ ვარ და სიტყვებს შორის იყო დუმილი, მხოლოდ დუმილი და არაფერი დუმილის გარდა. ექვს წელზე მეტია, შენი ხმა არ გამიგონია, დამავიწყდა, როგორი სიყვარული იცი, როგორი სუნი გაქვს ყურის ძირებთან, როგორ იღვიძებ დილით და მაინც მინდა, ხვალ საღამოს დაგირეკო და გითხრა, რომ არაფერი შეცვლილა ჩვენს ქალაქში, რომ ისევ წვიმს კვირაში სამჯერ, რომ შემოდგომა ისევ ქარვის მძივივით ჭრელია და გრძელი, რომ იქ, სადაც საცეკვაოდ დავდიოდით ხუთშაბათობით, ისევ უკრავენ ხმამაღალ მუსიკას და ისევ უყვართ ერთმანეთი სხვებს, რომლებიც ძალიან გვგვანან. დამავიწყდა შენი თვალების ფერი, შენი სიმაღლეც, და მაინც, გაუნელებელი სურვილი მკლავს, მოგწვდე, შეგანჯღრიო და გითხრა, რომ ავადაა ჩვენი მეგობარი, რომ ძალიან ავადაა ჩვენი საუკეთესო მეგობარი, რომ ის ოცდაათი წლის ხდება და დღეს, როცა საჩუქარი ვუყიდე, გავიფიქრე, რომ შეიძლება, სწორედ ესაა უკანასკნელი რამ, რასაც მისთვის ვაკეთებ. შენ, ალბათ, უნდა იცოდე, რომ კარგა ხანია, უსახური სიზმრები მტანჯავენ, და საშინლად მინდა, ცოტა ხნით მაინც დაბრუნდე ჩემს ცხოვრებაში, რომ ზურგზე თავი დაგადო და ვიტირო, და ვიგრძნო, როგორ გადის სექტემბერი ჩემი სხეულიდან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი