შიშის სიმღერა
ღამის წყვდიადში დამფრთხალ თვალებს თუკი გაახელ, მას დაინახავ, ვინც არასდროს არ დაგინახავს, ის დროისა და მოლოდინის საფარს გადაგხდის, გეტყვის, რა მოხდა, სად მოხვედი, ანდა ვინა ხარ. და გაგეზრდება ნეკნებიდან მწვანე ბალახი, და ერთი წამით გაიხსენებ, როგორ მიყვარხარ. სახლისკენ თუკი მოიხედავ შორი გზებიდან, ნისლს დაინახავ, მაღალ მთებს და ღობეს მიწიანს, მიხვდები, აღარ დაგრჩენია არაფერი და საით მიდიხარ, შენზე უკეთ, სხვებმა იციან. და აგერევა ბილიკები, როგორც მე მინდა, და გაიხსენებ, რომ უჩემოდ არ შეგიძლია. დილაადრიან თუ გაუწვდი მკლავებს უფსკრულებს, იგრძნობ _ მიფრინავ და გკიდია მხრებზე ლოდები და ყველა, ვისაც დაპირება არ შეუსრულე, ბინადრობს ნისლში და მათ რისხვას უახლოვდები. და ცას და მიწას მოწყვეტილი, და უსუსური, მე გამიხსენებ და ჩემს თეთრ ჩრდილს დაელოდები. მიწის წიაღში თუკი გაშლი თითებს დალეწილს, მე შემეხები და ვერასდროს ვერ დამინახავ, მხოლოდ ქარივით გამოვჩნდები შენს ბნელ თვალებში, და ჩუმად გეტყვი, სად მოხვედი, ანდა ვინა ხარ. და მაშინ უფრო მოგინდება ჩემი ალერსი, და მაშინ უფრო დაიჯერებ, როგორ მიყვარხარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი