ბათუმი. ერთი წლის შემდეგ.
...და ვიწყებ ასე: არაფერი აღარ მაწუხებს, ცა არის მშვიდი, უხმაურო და შემპარავი, თუ ჩემს კითხვებზე უშენობა არის პასუხი, მომეცი ნება, არ მახსოვდეს ახლა არავინ. ვაგრძელებ ასე: შენი მხარი _ ჩემი ბალიში არ მინდა, იყოს. მთქმელს ყოველთვის არ ჰყავს გამგონე, და ზღვა, რომელიც საღამოხანს მიჩანს თვალებში, უბრალოდ, ზღვაა და არაფერს აღარ მაგონებს. და არაფერი მენატრება, სიზმრების გარდა, არავის ვუსმენ, უცხო ქვების სურნელი ამდის, და დგას ამინდი, უმოძრაო, უთქმელი, სადა, რადგან ყოველთვის მიყვარდი და არასდროს მყავდი. ვამთავრებ ასე: არაფერი აღარ გეწყინოს, მეძახის ტალღა, უხმაუროდ და შემპარავად, და მინდა ახლა, ვიწვე ზღვასთან, ვიწვე, მეძინოს, თითქოს წყლად ვიქეც, თითქოს გავქრი, თითქოს არა ვარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი