მარტის სიმღერა მეგობრისათვის


როგორ უნდა მომენატრო უფრო მეტად,
როგორ უნდა მიყვარდე და მომენატრო,
ჩემო გოგო,
ჩემი ნაცრისფერი დღეების და
თეთრი ღამეების მეგობარო,
რომელიც იქეცი სარკედ, სადაც ყველაზე ლამაზი ვჩანვარ,
რომელიც იქეცი მარგალიტისფერ დუმფარებად და მოიყვანე გაზაფხული,
რომელიც ჩემთვის გამკრთალებულ საზღვრებად და
დამოკლებულ გზებად იქეცი,
როგორ უნდა ვთქვა უფრო ხმამაღლა, ყოველ ღამით,
რომ ჩემს სურვილებს თამამად ვცვლი შენს სიცოცხლეში,
რომ მზად ვარ, დავდგე გზაჯვარედინზე,
თმა მოვიჭრა და ქარს გავატანო,
ოღონდაც მითხრას დედამიწის ოთხივე მხარემ:
„წადი, საითაც გინდა,
ყველგან დაგხვდება შენი მეგობარი“.
 
ვწევარ პირაღმა,
თითებიდან მეზრდება თმები,
კანს ხშირად ვიცვლი, ხორცი ჩუმად რომ არ დაობდეს,
მზე ცას მიახმა, ქარი მკაწრავს,
მაღვიძებს,
ვდგები
და მანძილს ვზომავ მთას შეფენილ სასაფლაომდე.
რა ახლოსაა გზა, რომელიც იქნება მრუდე,
რა ახლოსაა ცა, რომელიც იქცა შხეფებად,
მე დღეს ლანდი ვარ და შენს დაღლილ თვალებში ვბუდობ,
მზეც ახლოსაა, მზე, რომელიც შეგვეგებება.
 
როგორ უნდა ვიმღერო სხვანაირად
ყვითელი მინდვრებისა და თვალუწვდენელი ველების სიმღერა,
როგორ უნდა მტკიოდეს ყელი,
ან კანქვეშ როგორ უნდა მეწვოდეს
სისხლს და სისხლს შორის დარჩენილი სიცარიელე,
ჩემო გოგო,
ჩემი ოქროსფერი დღეების და
ფანჯრებღია ღამეების მეგობარო,
რომელმაც ისე იარე ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე,
შენი სახლიდან ჩემს სახლამდე,
უკან ერთხელაც არ მიგიხედავს.
როგორ გითხრა, რომ ზოგჯერ შენი თავი
მე მადგას მხრებზე
და შუაღამისას პარალელური სამყაროდან გაგონილი კაკუნივით მაღვიძებს
აუტანელი ტკივილები.
 
დამმარხეს პირქვე,
ჩამიბრუნდნენ თითქოს თვალებიც,
ფიქრებს ვკითხულობ,
მალე მოვა ღამე მეშვიდე,
მე მიყვარს ჩემი უცნაური გარდაცვალება,
მეც აქვე ვწევარ, შემომხედე, არ შეგეშინდეს.
რა ახლოსაა ტბა, რომელიც ასე გვიყვარდა,
რა ახლოსაა ის ჰაერი, ჩვენ რომ გვეფარა,
შენს გვერდით ვცხოვრობ და მდუმარედ გელი წინკართან,
ის დღეც ახლოა, დღე, რომელიც გამოგვეპარა.
 
როგორ უნდა მომენატრო უფრო მეტად,
როგორ უნდა მიყვარდე და მომენატრო,
ჩემო გოგო,
ჩემი ყავისფერი დღეების და
ჩაის სუნით გაჟღენთილი ღამეების მეგობარო,
როგორ უნდა მოგიხმო უფრო ხმამაღლა,
რომ გაიგოს მან,
ვისაც მე ვეძახი ღმერთს,
შენ კი არასოდეს ეძახი,
გაიგოს და თქვას:
„ჩემზე მეტად გყვარებია შენი მეგობარი.
დაიტოვე.“

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი