მეორე გამოსამშვიდობებელი ბარათი


რომ აღარასდროს მომენატროს შენი დანახვა,
რომ მერე შენი შეყვარებაც ვინმემ დამასწროს,
რომ არ ვფიქრობდე, როგორა ხარ, ანდა სადა ხარ,
რომ ჩემს სიტყვებში არ ცხოვრობდე, და რომ არასდროს
არ გამახსენდე. ჩვენ ერთმანეთს ვერ მოვუარეთ,
რომ მე გავქრი და აღარა ვარ, სადაც შენა ხარ,
რომ ჩვენი უხმო პატიება არის უარი,
და ერთი გრამი სიყვარულიც რომ შეგვენახა,
არ მოვისურვეთ, არ შევძელით, არ მოვინდომეთ,
და ყველა დარდი გაცრილია დროის საცერით,
რომ შენზე ფიქრი დანაღმული არის მინდორი,
ვკიდივარ ცაში და გაწყვეტილ თოკებს ჩავცქერი,
რომ რაც მინდოდა, ყველაფერი წყალს გავატანეთ,
და რომ ზურგიდან მოვიხსენით მთელი ქვეყანა,
რომ დედამიწა, ასე ვიწრო, ასე პატარა,
წყალწაღებულის ხელჩასაჭიდ ხავსს დაემგვანა.
რომ ეს სიცოცხლეც, სიხარულიც, დარდიც, წუხილიც,
აღარ არსებობს, რადგან ჩვენ ორს ასე გვენება
და ახლა მხოლოდ ბავშვობაში ნატკენ მუხლივით,
ყრუდ, შეუმჩნევლად, სადღაც ფეთქავს შენი ხსენება,
მე გეუბნები _ სიყვარულის არ მაქვს მარაგი,
ნუ მიპასუხებ, როგორა ხარ, ანდა სადა ხარ,
მე ვკეტავ ფანჯრებს, ვკეტავ ქუჩებს, ვკეტავ ქალაქებს,
რომ აღარასდროს მომენატროს შენი დანახვა.
რომ აღარასდროს მომენატროს შენი დანახვა.
 
რომ აღარასდროს მომენატროს შენი დანახვა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი