მომეცი შენი მკლავები ..


მომეცი შენი მკლავები,
ცოტა დავისვენო.
ჰაერში ვწევარ.
ჰაერი მაცვია.
ჰაერი არ მყოფნის.
 
მომეცი ერთი წვეთი წყალი,
ერთი ხელის გული გზა
და ერთი თვალის დახამხამება ძილი,
სიყვარულს ნუ მომცემ,
ჰაერი ისედაც არ მყოფნის,
ხომ გითხარი.
 
მომეცი ჩემი დარჩენილი ცხოვრება,
ისე ვატარებ, როგორც მე მინდა,
მინდა _ ვათრევ,
მინდა _ ვაფრენ,
მინდა _ გადავაგდებ,
მომეცი, თორემ საკუთარი თავიც არ მყოფნის,
ჰაერთან ერთად.
 
მომეცი შენკენ მომზირალი
ჩემი დაღლილი თვალები,
სხვა ყველაფერი შენთვის დაიტოვე,
რომ აღარასდროს მოგენატრო,
რადგან შენი მონატრება
ახლა ერთი დიდი სისასტიკეა,
მეტი არაფერი.
 
მომეცი შენი მკლავები,
ცოტა დავისვენო.
ჰაერში ვწევარ.
ჰაერი მაცვია.
ჰაერი არ მყოფნის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი