ნოემბერი. კაფე „მარლეტა“
როცა ასეთი მარტოობაა, მე შემიძლია, უშენოდ ვიჯდე მყუდრო კაფეში, უხმაუროდ დავყურებდე საკუთარ ხელებს და ვიცოდე _ სანთლის უბრალო ნაღვენთებია ჩემი მხრები, სხვა არაფერი. მე შემიძლია, ვიყო ყველაზე შეუმჩნეველი, როცა ასეთი მარტოობაა. როცა ასეთი მდუმარებაა, მე შემიძლია, არ მესმოდეს შენი ფეხის ხმა, არ მესმოდეს შენი სიტყვები, არც ქარის სუნთქვა გავიგონო და არც ზამთრის ფრთხილი ნაბიჯი, ისე ვიცხოვრო. მე შემიძლია, დავიჯერო შენი არარსებობა, როცა ასეთი მდუმარებაა. როცა ასეთი ნოემბერია, მე შემიძლია, მეგონოს, რომ არ დავიბადე, არც მახსოვდე, ისე მიყვარდე და აღარაფერს არ ნიშნავდეს შენი წასვლა, შენი დარჩენა. მე შემიძლია, მეგონოს, რომ აღარ არსებობ, როცა ასეთი ნოემბერია. როცა ასეთი უშენობაა, მე შემიძლია, მარტო ვიჯდე მყუდრო კაფეში, თვალდახუჭული დავყურებდე საკუთარ ხელებს _ სანთლის ნაყოფებს, შენზე სიტყვას აღარ ვამბობდე, ვფიქრობდე მხოლოდ ჩრდილოეთის ღამეებზე და დღეებზე, რომლებიც არ დადგა. მე შემიძლია, გავიხსენო საკუთარი თავიც, როცა ასეთი უშენობაა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი