სეტყვისა და ქვის ამბავი


ბიჭი, რომელიც მიყვარს, ქვაა.
კარგად შეხედეთ მის გათლილ ნაკვთებს,
რიყის ლოდი ნუ გეგონებათ,
იგი რჩეული მარმარილოა,
ფაქიზი ხელით გამოკვეთილი.
თუმცა ალბათ ქვა მაინც ქვაა,
უყურებ _ გგონია, ისიც გიყურებს,
ეხები _ გგონია, ისიც გამოგიწვდის ხელს,
კოცნი _ გგონია, მასაც უსკდება ბედნიერებისგან გული,
ყელს და საფეთქლებს უთვალიერებ,
მისი კეფის მხურვალებაც ისეთი ნამდვილია,
გგონია, მასაც შეუძლია ადამიანური ვნებების განცდა.
კარგად შეხედეთ მას,
შეხედეთ და დაიმახსოვრეთ,
მე გიმხელთ ჩემს საზარელ საიდუმლოს _
ბიჭი, რომელიც მიყვარს, ქვაა.

ბიჭი, რომელიც ყოველ ღამით მესიზმრება
და სიზმრებში მუდამ თითის წვერებს მიკოცნის,
შეშლილივით მიჭამს ტუჩებს,
კანქვეშ მიძვრება და სხეულში მისახლდება,
სინამდვილეში, ქვაა,
ქვა, რომელიც კისერზე მაქვს გამობმული და ფსკერისკენ მიმათრევს.
მეც მივყვები მორევის უხმო ტრიალს
და მეშინია თვალების გახელის,
რადგან ისინი, სამნი, შემაძრწუნებლად გვანან ერთმანეთს:
სიკვდილი, მარტოობა და ბიჭი, რომელიც მიყვარს.

ბიჭი, რომლის ფიქრებიც ტყუპისცალივით ჰგავს ჩემსას,
რომლის სიტყვებიც შუა გზაში ეგებებიან ჩემს სიტყვებს,
რომელიც ჩემსავით მარტოა და ჩემსავით ძლიერი,
რომლის მხრებზეც ჩემს დაქანცულ დღეებს ვაძინებ,
რომლის ხელებშიც სუნთქვას ვტოვებ, როცა მივდივარ,
გაგიკვირდებათ და ქვაა,
ქვა, რომელსაც ვერაფერი დავაკელი,
ერთი ბზარიც კი ვერ ვუპოვე,
რომ ჩემი სულით ამომევსო მისი სხეული.
და ისევ მოვდივარ ყოველ საღამოს,
მოვდივარ და ვფარავ დედამიწას,
უბრალოდ, მოვდივარ და ხმას არ ვიღებ,
სიჩუმეა სიმღერა ქვებისთვის,
სიჩუმეა ჩემი საზარელი საიდუმლოს ერთადერთი სიმღერაც.

ბიჭი, რომელიც მიყვარს, ქვაა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი