შელოცვა წყალთათვის
მომისმინე, წყალო, დედაჩემო, ხედავ? მე თვითონ მოვედი შენთან, მოვედი ფორთხვით, ხელის ცეცებით, დაკაწრული კანით და მარილისგან დახრული თვალებით, შენი მუცლიდან გამოყოლილმა მარილმა ცოცხლად შემჭამა. მომისმინე, წყალო, დედაჩემო, მოვედი და მოვიყვანე იგი, საკლავივით გამობმული დაძენძილ თოკზე, რომელიც არავინ იცის, როდის გაწყდება, იგი, ვინც მიყვარს, მინდოდა, შენც გენახა ჩემს გვედრით, შეუწყნარებელო მბრძანებელო სიღრმეთა, წყალო, დედაჩემო. ეს გაზაფხულიც მოვიდა მისი სინათლით, კიდევ ორმოცდაათს გთხოვ, მერე კი გადაწყვიტეთ შენ და მამა-მიწამ, როგორ გირჩევნიათ, რომელი მიგვიბარებთ. აბრუნე და ატრიალე მორევი, მთელი ქვეყნის ბოღმა და ტკივილი ხარშე და ადუღე, თქვიფე და ატივტივე, ჩემი სიყვარულიც ისე ათამაშე, როგორც გაგიხარდება, მაგრამ გახსოვდე ასეთი, შენს ნაპირთან დაჩოქილი _ შენი მუდმივი მოფერებით დაჟანგული რკინა. მომისმინე წყალო, დედაჩემო, მის ყველა გზას გავედრებ, დაეხმარე ჰაერს, შეინარჩუნოს წონასწორობა, დაეხმარე ცას, არ გაიბზაროს, დამეხმარე მე, გადავურჩე საკუთარ სიზმრებს და არ შევიშალო, დაეხმარე მას, თუ დასჭირდება, შენს კალთებზე გავლა შეძლოს, ნაპირამდე იაროს და თითიც არ დაუსველდეს, მის სიცოცხლეს ისევე გავედრებ, როგორც ჩემსას. მომისმინე წყალო, დედაჩემო, შენ კარგად ხედავ წარსულს და მომავალს, შენ კარგად იცი, საით იყურება მისი თვალები, შენ კარგად იცი, რა ღირს მისი ერთგულება და რამდენს იწონის მისი ჩემდამი სიყვარული. შეხედე მას, წყალო, დედაჩემო, შენს სანაპიროსთან ჩემს მოტივტივე ნავზე დაძენძილი თოკით გამობმულს, შეხედე მას და თუ მის ზურგსუკან ღალატი დაინახო, თუ მის გუგებში სხვა ქალის აჩრდილი დაინახო, თუ მის ფეხებთან დავარდნილი ჩემი თაფლისფერი გვამი დაინახო, თუ მისგან სხვისი მისამართით ნათქვამი ფიცი მოგესმას, მაშინ იყოს ნება შენი, აქციე იგი შენს სათამაშოდ, დაიტოვე შენს წიაღში, გულში ჩაიმარხე, მისი გვამიც კი არ დამანახო. ვიცი, უსაზღვროა წყალთა შურისძიება, უკიდეგანოა წყალთა სიმშვიდე ჭექა-ქუხილის შემდეგ, ამიტომაც გაბარებ მას განსასჯელად, ჩემს უხმო და მტკივნეულ სიყვარულს, წყალო, დედაჩემო, იყოს ნება შენი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი