არარსებობის ამბავი
მე ყოველთვის ყველაფერი ვიცოდი ჩემზე, ვიცოდი, ყველა ამბავი, რომელიც მსმენია, სისულელეა, მხოლოდ ის ამბებია ნამდვილი, რომლებსაც მე გამოვიგონებ, მხოლოდ ის სიყვარულია ნამდვილი, რომლითაც მე მეყვარები. ვიცოდი, შენი თვალების წყალი ვარ და როცა შენ თვალებს ხუჭავ, მე თავს ვხრი და შენი გულისკენ მივედინები. ვიცოდი, რომ ჩემი თმა ჩემივე ნერვებიდან იწყება, ამიტომაც ვიზრდიდი მას შემდეგ, რაც ბავშვობას გამოვეთხოვე. ვიცოდი, რომ ერთ დღესაც, როცა ყველაზე ღრმა მარტოობიდან დამიძახებ, მოვალ და საკუთარ ნერვებს მოგცემ ხელჩასაჭიდად, თუ ოდესმე დაინახავ, რომ თმა მოვიჭერი და დავწვი, ესე იგი, ნერვები დავლუქე და დედამიწას გავერიდე, ესე იგი, შევეგუე უშენოდ ცხოვრებას. მე ყოველთვის ყველაფერი ვიცოდი შენზე, ვიცოდი, რომ სადღაც აუცილებლად მელოდი შენ, და ჩვენი სიზმრები იყო ერთმანეთის ტყუპისცალი, და ჩვენი მთვარეები იყო ერთი ხის ნაყოფი, და ჩვენი დღეები იყო ნათება დახუჭული თვალების მიღმა, და ჩვენი შიში იყო მუდმივად სამყაროს განაპირას ცხოვრება, და ჩვენი სიყვარული გარდაუვალი იყო. მე ყოველთვის ყველაფერი ვიცოდი შენზე, და ჩემზე, და ახლა, როცა ღამე ასეთი გრძელია და ცარიელი, ისეთი დაღლილი ვარ შენს გარეშე ცხოვრებით, ერთი რამ ვიცი: აქ რომ მყავდე, უბრალოდ, მოგეყრდნობოდი და მოვკვდებოდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი