იავნანა საკუთარი თავისთვის


გამთენიისას დამესიზმრე _
პატარა, ყვავილებიან ქუჩაზე,
ღია კაფეში იჯექი,
საზურგეს მიეყრდენი და უკან გადაიხარე,
გამომხედე ორი მაგიდის გამოტოვებით მჯდომს
და მე ისევე მომინდა თვალების დახუჭვა,
როგორც მაშინ,
როცა პირველად დავიკარგე შენს სინათლეში.
ვიგრძენი, როგორ დაიმსხვრა გული
და მთელ სხეულში გაიფანტა.
თურმე, სიზმარშიც შეიძლება, მოკვდე
და ამ სიკვდილით იყო ისეთი ბედნიერი,
რომ თქვა:
ძილი, იშვიათი ძილია ერთადერთი სამოთხე.
 
ნეტავ ერთ საღამოს ისე გამარტივდეს მონატრება,
ცხადშიც მომყვებოდნენ სიზმრის ბილიკები ასაფრენი,
სანამ უძილობა კანზე კეთრის მსგავსად მომედება,
თვალი დავხუჭო და აღარ მაწუხებდეს არაფერი.
მე გთხოვ, შემომიშვი შენი მარტოობის სიმაგრეში,
რადგან შენი კოშკიც იმ ზღვის ნაპირას დგას, მე რომ ვიშვი,
მე გთხოვ, ამარიდე ქარის შემოტევას, წვიმას შეშლილს
და შენს სიმშვიდეში დილის ნიავივით შემომიშვი.
 
ხშირად ვიხსენებ, როგორ გიყურებდი პირველად,
მდუმარე და მომღიმარი,
როგორ გიყურებდი _  წლების ძებნის შემდეგ ნაპოვნ საგანძურს,
როგორ გიყურებდი და როგორ მიყვარდებოდი,
როგორ მიყვარდებოდი და როგორ მძულდებოდა მთელი სამყარო,
რომელიც ასე დაბლა იდგა შენს სრულყოფილებასთან შედარებით.
ვიხსენებ, როგორ დავინახე შენი თითები
და მივხვდი _ იდეალური არავინაა.
შენმა ულამაზო თითებმა გადამრჩინა საკუთარი თავის ზიზღს,
შენმა ულამაზო თითებმა კაცობრიობისგან გაქცევას გადამარჩინა
და ამიტომ უფრო მეტად მიყვარს შენი თითები
ვიდრე მთელი შენი საშინელი სრულყოფილება,
რომელმაც ჩემი არარსებული სიზმრები დაისაკუთრა.
 
თურმე მარტივია მუდამ დილაობით დაძინება,
თურმე სიზმარ-სიზმარ უკვე ყველაფერი მოვიარე,
ვშიშობ, არ მცირდება ჩემი მონატრების მანძილები,
ვშიშობ, არ იცვლება ჩემი ამინდები მგლოვიარე.
მე გთხოვ, წამიყვანე შენი მოლოდინის ნაპირებთან,
ხელში არ ჩამაკვდეს ჩემი იმედები ხეიბარი,
არა, არ მოველი არცერთ სიტყვასა და დაპირებას,
ისე, სულ უბრალოდ, ღამის ოცნებებში შემიფარე.
 
ახლა ჩვენი შეხვედრები
უფრო შემთხვევითია, ვიდრე ოდესმე,
იმდენი სიტყვა დავახარჯეთ ერთმანეთს,
იმდენი ცარიელი სიტყვა,
რომელთაგანაც არცერთს უთქვამს, როგორ მიყვარხარ,
რომელთაგანაც არცერთს უთქვამს, როგორ გჭირდები,
იმდენი არაფრისმთქმელი წინადადება გავცვითეთ,
რომ ახლა,
როცა ერთმანეთს ვხედავთ,
მხოლოდ შეხება და დუმილია მთელი ჩვენი დიალოგი,
დუმილი, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს
ჭექა-ქუხილის წინ ჩამოწოლილ უძრაობას.
 
მე გთხოვ, დამიბრუნე ჩემი უტკბილესი სიზმარ-ცხადი,
მე გთხოვ, დამიბრუნე ზეცის კაბადონის ასი თვალი,
სანამ კიდევ ერთხელ მოვა ჩემს ზურგსუკან განთიადი,
მოდი, ცას ახედე და ეს ვარსკვლავები დამითვალე.
ჩემი უძილობა შენი თვალხილული სიზმარია,
მე ხომ ჩემს ღამეებს შენთვის ვაგრძელებ და ვანაწილებ,
შენში შემომიშვი _ ჩემი ოცნებები იქ არიან
და შენი თვალების ცისფერ სიჩუმეში დამაძინე.
 
მე ვზივარ ჩაბნელებულ ოთახში,
ვუყურებ ფანჯარას,
საიდანაც ჩანს ერთი ხე, ერთი ქუჩა და ერთიც _ მთვარე
და ვფიქრობ,
რომ ძილი, სწორედ ძილია ცხოვრება,
რომელმაც გვერდით ჩამიარა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი