წყევლა უგრძნობთათვის
მე მინდა, იყო სახლში, ჩემთან კი არ იყო _ არა, ამას უკვე აღარ ვნატრობ, უძლური გამოვდექი. მე მინდა, უბრალოდ, იყო სახლში, იყო ავად, არავინ გივლიდეს, იწვე და ჩემს საყვარელი წიგნს კითხულობდე, სიცხე გიხვრეტდეს საფეთქლებს, თვალს გჭრიდეს ფანჯრიდან შემომავალი მთვარის შუქი, გაზქურაზე დიდხანს დუღდეს ჩაიდანი და მანაც შენსავით კარგად იცოდეს _ შენთვის მზრუნველი ერთადერთი ხელი ჩემია. მე მინდა, იყო სახლში და ხვდებოდე, რა არის მარტოობა, რა არის შუაღამის მოლოდინი მაშინ, როცა საბანს არავინ გიკეცავს, სუნთქავდე მძიმედ, ჰაერის ნიაღვარს ხორხის ტკივილი მოჰყვებოდეს, თვალების გარშემო გროვდებოდნენ მარილები, შენ კი მაინც კითხულობდე, კითხულობდე ჩემს წიგნს, რომელიც სხვებზე დავწერე და ხვდებოდე, რა არის სინანული, რა არის შეჩვეულის გადაჩვევა. შუაღამისას მე გზაჯვარედინზე დავდგები და ქალაქის ძველი კედლებიდან ცეცხლის ღმერთს მოვიხმობ, მან ყველაზე კარგად იცის, როგორ იწვის ხორცი, როცა განაჩენი შურისძიებაა, მოვიხმობ მას, ჩემს მრისხანე მესაიდუმლეს, მოვიხმობ და მოვუყვები, როგორ მინდა შენი ყოფნა სახლში, სახლში, რომლის ფანჯრებიდან გამომავალი შუქიც ჩემი თვალებგაფართოებული სიმშვიდეა, როგორ მინდა შენი ყოფნა შენსავე საწოლში, რომლის სანახევრო სიცარიელეც ჩემი ავადმყოფური წონასწორობაა. მე ვიცი, მომისმენს ცეცხლის ღმერთი, მე ერთადერთი ვარ, ვინც მასზე ლოცულობს, ერთადერთი ვარ, ვინც მის სანახავად ქალაქის ჩამონგრეულ უბანში დადის, მან კარგად იცის, როგორია ჩემი ერთგულება, მან კარგად იცის, რომ ჩემი ერთგულება ჩემსავე სიძულვილზე საშიშია. მე მინდა, იყო სახლში, იყო ავად და მხოლოდ მე შემეძლოს წყევლის მოხსნა შენთვის, მხოლოდ მე შემეძლოს შენი განკურნება ჩემი სხეულის სიგრილით და ყველა შესაძლო სიყვარულზე უფრო დიდი სიყვარულით. მე მინდა, იყო სახლში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი