ქარვის ანგელოზები


მაკას, ნინას, ბელას, თამთას და სალომეს
 
1.
ყველაფერი ასე იყო მაშინაც,
ეს ხიდი ზუსტად ამ ადგილას ქანაობდა,
აქვე იყო ავტობუსის გაჩერება,
თითქოს მაშინაც აქ იჯდა ეს კაცი, ამ გაჩერებაზე
და ელოდებოდა,
ავტობუსმა კი მაშინაც დაიგვიანა.
მაშინაც ასე იდგნენ მთები
და რა თქმა უნდა, იგივე მიმართულებით მიდიოდა მდინარე,
მაშინ,
როცა ჩვენ დავკარგეთ მეგობარი,
როცა მან ისე გადადგა ნაბიჯი სხვა ბილიკისკენ,
რომ უკან აღარც მოუხედავს,
ჩვენ კი ვიდექით უხმოდ,
ახალგაჩენილ გამყოფს ვაკვირდებოდით,
ვითვლიდით საკუთარ ცრემლებს,
რადგან სწორედ მაშინ წამოვიზარდეთ და მივხვდით,
კიდევ ბევრჯერ მოგვიწევდა ტირილი
და თვალებში დაგროვილი წყალი
სხვა დროისთვისაც უნდა შეგვენახა.
მაშინაც ასეთი იყო ეს გზა,
როცა ჰორიზონტამდე მზერით მივაცილეთ
ჩვენგან წასული მეგობარი,
მერე კი მხრები ავიჩეჩეთ და შემოვტრიალდით.
ჩვენი მიმართულება სხვა იყო.
არადა, მზეც ასე ანათებდა მაშინ,
ნაწყვეტ-ნაწყვეტად, ღრუბლებიდან,
მაშინ, როცა მეგობარი დავკარგეთ.
მას შემდეგ მავნე ჩვევა აგვეკვიატა _
ყოველთვის, როცა სადღესასწაულო მაგიდას ვუსხედვართ,
ხელებს ვითვლით,
ერთმანეთის ხელებს,
კიდევ ვინმე ხომ არ მოგვაკლდა.
ვითვლით ჩუმად, თავჩაღუნულები _
უხერხულია, არავინ შეამჩნიოს.
და ხანდახან,
როცა ბედნიერებებს შორის დუმილი ისადგურებს,
ჩვენ კარგად ვიცით,
რომ ეს დუმილი დარდია,
დარდი დაკარგულ მეგობარზე.
 
 
 
2.
სანამ გზამკვლევებს, რუკებსა და კომპასს მოგვცემდნენ,
გვითხრეს, რომ ფრენა ღრუბლებს შორის მალევე დაგვღლის,
რომ ვარსკვლავების ხშირად დათვლა აჩენს ხორცმეტებს,
და ამიტომაც, ცის თვალთვალი, უბრალოდ, არ ღირს.
ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ როგორც ქუხს, არ წვიმს ისევე
და არ გამოდის ცისარტყელის დაშლა ფერებად,
რომ როცა გვძინავს, ფიქრისაგან გულიც ისვენებს
და თუ ვინდომებთ, მარტივია ბედნიერება,
რომ თუკი ერთ დღეს ისარს მაინც დაგვიმიზნებენ,
ჯობს, რომ ზურგს უკან საკუთარი გვქონდეს სახლები,
და დილაობით, წინა ღამის ცუდი სიზმრები
წყალს გავატანოთ ხმადაბალი ლოცვის თანხლებით,
რომ არასოდეს უნდა დაგვცდეს მკვდარზე აუგი,
რომ ზიზღის მიმართ გულგრილები ვიყოთ სრულიად,
რომ სხვის ნაამბობს თავს და ბოლოს თუ ვერ გავუგებთ,
ღიმილი მაინც შევაგებოთ _ უხერხულია!
ჩვენ გვასწავლიდნენ გზებს და ხერხებს, მრავალჯერ ნაცადს,
დარდს და სიხარულს, აღშფოთებას და დამშვიდებას,
გვითხრეს _ ქალობა, მოხატული წინდების ჩაცმა,
ხელოვნებაა და გულდასმით სწავლა სჭირდება.
ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ სიყვარულს უხდება მალვა,
და თუკი შევალთ მდინარეში, მხოლოდ მუხლამდე,
რომ იმეოროს გულში ყველა ნამდვილმა ქალმა,
გვიყვარდეს, მაგრამ უფრო მეტად უნდა ვუყვარდეთ.
ჩვენ გვასწავლიდნენ ცხრა საათზე შინ დაბრუნებას
რაღა თქმა უნდა, საკუთარი გამოცდილებით
და აყოლებდნენ: ასეთია ქალის ბუნება,
თქვენც მიგვიხვდებით, გეყოლებათ როცა შვილები.
და მოკლედ რომ ვთქვათ, გვასწავლიდნენ სწორად ცხოვრებას,
როგორც წესია, როგორც ჯერ არს, როგორც რიგია,
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვიცდია დამახსოვრება
და უფრო მეტიც _ ნახევარი არ გაგვიგია.
და ახლა, როცა გადამალულ, თვალჭრელ ოცნებებს
ვუგზავნით მიწის სულ სხვა მხარეს ფრთიან ქარებად,
კომპასებს, რუკებს, მაჩვენებლებს ნუღარ მოგვცემენ,
ჩვენ უკვე აქ ვართ, უკვე არსად არ გვეჩქარება.
 
 
3.
მე ხშირად გიყვები მათზე გამთენიისას,
გიყვები მათზე _
ჩემი სახლის კედლებზე,
ჩემს აუხსნელ სიზმრებზე,
ჩემს შეჩერებულ კანკალზე და გამთბარ ხელებზე,
გიყვები ჰაერში გაბმულ ბაგირზე მოსიარულე მეგობრობის ამბავს,
რომელიც ყველა ტვირთზე მძიმეა
და ყველა ჰაერზე მსუბუქი.
ახლა ჩვენ ხშირად გვხრის წელში შვილების სიმძიმე,
საკუთარი და ერთმანეთის შვილების,
რომლებიც ხშირად გვახსენებენ
ერთმანეთისთვის დაბრუნებულ სიცოცხლეს
და დასაბრუნებელ სიყვარულს _
მარადიულ ვალს.
მე არასოდეს დამიმალავს შენთვის,
რომ არ მჯერა დედამიწის სიმრგვალის,
რადგანაც ბევრჯერ ვმდგარვარ ქვეყნის დასალიერთან
და მინახავს უძირო უფსკრული,
რომელმაც ჩემი სხეული მოითხოვა.
ვერაფრით გავბედე ნაბიჯის გადადგმა,
რადგან ჩემი მოქანავე სილუეტის უკან,
ვხედავდი მათ,
რომლებსაც არასოდეს ყვარებიათ წესების მიხედვით,
უბრალოდ, ყოველთვის დასაშვებზე მეტად უყვარდათ,
ამბობენ, რომ დასაშვებზე მკაცრადაც უყვარდათ
და ამიტომაც სიყვარული გახადეს უხილავი და გამჭვირვალე.
ვხედავდი, რომ სამყაროთა გასაყარზე ყოველთვის იდგნენ ისინი _
ჩემი ქარვის ანგელოზები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი