ფრენის ამბავი


„ასეთი სიმაღლიდან ვარდნისას ვერავინ გადარჩება“ _
ვფიქრობ და მივფრინავ.
 
ძველი აეროპორტის ფოიეში იდგა ჩემი მეგობარი,
ცალ ხელში ვისკით სავსე მათარა ეჭირა,
მეორეში _ დალუქული კონვერტი.
_ აფრენისას თავი გადაწიე _ ამბობდა ის _
თავი გადაწიე და თვალები დახუჭე.
ეს ყველაფერი ისე გავდა კოცნის ინსტრუქტაჟს,
რომელიც ოდესღაც ყველას ჩაგვიტარეს,
არ შემშინებია.
დიდხანს დავფრინავდი მეგობრის ხერხების
და უსაფრთხოების საერთაშორისო წესების თანახმად
და ბოლოს მივხვდი,
ყველა ფრენა როდია გადარჩენისათვის.
 
მე დღეს სულ სხვა ამბავს გიყვები,
გიყვები ფრენის თანდაყოლილ ნიჭზე,
გიყვები გოგოებზე,
რომლებსაც ოდესღაც კოცონზე წვავდნენ,
საკუთარ თავზეც გიყვები _
სხვებთან რა მოსატანია ჩემი ჯადოქრობა,
მაგრამ როგორღაც ხომ მაინც მოგახედე ჩემკენ.
გიყვები გოგოებზე,
რომლებსაც შეუიარაღებელი თვალით
ვერაფრით გამოარჩევ სხვებისგან,
ისინიც დადიან სწრაფი კვების ობიექტებში,
ისინიც შედიან სავაჭრო ცენტრებში სავსე ბარათებით
და ცარიელით გამოდიან,
ისინიც არღვევენ მოძრაობის წესებს,
უფრო ხშირად კი, მანქანის გაბმული სიგნალი ახასიათებთ.
ისინი არსად მალავენ ფრთებს _
მათ არაფერი აქვთ დასამალი.
ისინი ადრიანი გაზაფხულის ყვავილებივით უბრალოები არიან
და ქუჩაში სიარულისას
ყოველთვის როდი უყურებენ ცას _
მათ კარგად იციან,
რომ ხანდახან მიწა უფრო მნიშვნელოვანია.
ისინი არ გვანან ჟურნალებიდან გადმოსულ გოგოებს,
ვის გამოც, შეიძლება, მარტივად დაიწყოს ომი,
ყველაზე ლამაზები მაშინ არიან,
როცა დაფრინავენ.
მათი ფრენა ბრმაა და უმისამართო,
მათი სიყვარული, ხანდახან, სასჯელია.
შუაღამისას,
როცა ჩვეულებრივი ღიმილით უსურვებენ სხვებს
უშფოთველ სიზმრებს,
ისინი აღებენ ფანჯრებს
და ღამის უხმაურო ჰაერს
მთელი სხეულით ისუნთქავენ
და ვერც კი ხვდებიან, როგორ მიიწევენ მაღლა,
სავსე მთვარისკენ.
ქვემოთ ზღვებია და ოკეანეები,
მთები და კლდეები,
ქვემოთ სხვა ადამიანებს ისე ღრმად სძინავთ,
არავის მოუვა თავში, გარეთ გამოვიდეს,
ცისკენ აიხედოს და დაინახოს ისინი _
უმისამართოდ მფრინავი,
თვალებდახუჭული გოგოები,
უიარაღო ჯადოქრების მთელი ლაშქარი,
რომელთა ფრენაც ყველაზე მეტად ჰგავს მონატრებას,
რომელთა ფრენაც არასდროსაა კომპრომისი,
რომელთაც იციან ერთადერთი შელოცვა:
„მე შენ მიყვარხარ!“
რომელთაც იციან,
რომ თუკი ფრენა არ მთავრდება მის გვერდით,
ვის გამოც წლების წინ სიცოცხლე მოგვეცა,
მაშინ ჯობია, დავიცვათ მარტივი წესი _
ყველა ფრენა როდია გადარჩენისათვის.
 
სავარძელში ზის ჩემი მეგობარი,
ცალ ხელში ჩაის ჭიქა უჭირავს,
მეორეში _ ტელევიზორის პულტი.
ამბობს:
_ ყოველთვის შენ რატომ გემართება ასე,
რომ ხანდახან ასეთი ბედნიერი ხარ,
ხანდახან _ ყველაზე უბედური.
მე ვუყურებ მას,
ჩემს გამო მწუხარეს,
ჩემზე ზრუნვით დაღლილს
და არაფერს ვეუბნები,
რადგან მას სჯერა ჩემი ფრთების სიძლიერის,
რადგან მას სჯერა უსაფრთხოების წესების ყოვლისშემძლეობის,
რადგან მას ჩემი ამბის კეთილი დასასრულის სჯერა.
 
მე ყოველთვის დავფრინავ თავგადაწეული,
დახუჭული თვალებით.
დღეს შენი სიყვარულია ჩემი ტრაექტორია,
დღეს შენი ყოფნაა ჩემი მშვიდობიანი დაშვება.
შენ გიჭირავს ის უხილავი ძაფები,
რომლებზეც ვკიდივარ,
რომლებიც არ ემორჩილებიან ქარის მიმართულებას,
რომლებიც არაფერს ემორჩილებიან,
შენი სუნთქვისა და გულის ცემის გარდა.
ჩვენ, ორივემ, კარგად ვიცით _
ასეთი სიმაღლიდან ვარდნისას
სიზმარივით მკრთალდება სიცოცხლე.
შენ გადაწყვიტე.
მე გაპატიებ _
ყველა ფრენა როდია გადარჩენისათვის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი