სიცხიანი წერილი
როცა გზაში ხარ, მე სიზმრების ფანჯრებთან ვდგები, (ბუნდოვნად ვხედავ ოცდაცხრამეტს, ჭერი ტრიალებს), როგორც ყოველთვის, ახლაც დუმან დაღლილი გზები, ჩემი გზა შენ ხარ, გზა, რომელიც ვერ გავიარე. როცა გზაში ხარ, მე ყოველთვის შენს სახელს ვბოდავ, (ფანჯარასთან რომ შრიალებდა, გაზრდილა ის ხეც), სასოწარკვეთა სიყვარულის ყოფილა ცოდვა და სიყვარულის სიმპტომია მაღალი სიცხე. როცა გზაში ხარ, მე მთვარის ხნის მაშინ ვსრულდები, (მაცმევენ წინდებს, ვერცხლისწყალი ვერ შეაჩერეს) და ვხვდები ახლა, რომ ამ გზიდან თუ დაბრუნდები, ძველ აკლდამაში ერთ დღეს ერთად აღმოგვაჩენენ. როცა გზაში ხარ, ძველ შელოცვებს მაშინ ვიხსენებ, (თავთან _ ლიმონი და უძირო ჩაის ფინჯანი), გიამბონ სხვებმა, რომ მიხდება თვალზე სისველე, ექიმბაშები მთვარის შუქზე როცა მსინჯავენ. როცა გზაში ხარ და ზარს რეკენ, ვამბობ: „ის არის!“ (კარს კი არ ვაღებ _ ამ ძველ ჩვევას, ალბათ, ვერ მოვშლი), და რა ხანია, არ მასვენებს ერთი სიზმარი _ თვალდახუჭული ხელებს ვითბობ შენს საყელოში. შენ ხარ ის მიწა, მე რომ ჯერაც ვერ გავიარე, (ბუნდოვნად ვარჩევ ოცდაცხრამეტს, მიხურს ლოყები), როცა გზაში ხარ, სწორედ მაშინ მე ვარ მდინარე ამ გზის ნაპირას და უჩუმრად გვერდით მოგყვები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი