ლოცვა მოულოდნელი სიხარულისთვის
მე შემიძლია, კიდევ ერთი ათასწლეული გავატარო მუხლებზე დაჩოქილმა და ჩემი წილი სიყვარული გამოგთხოვო, გამოგთხოვო ჩემი კუთვნილი ცხოვრება და ტყუპი გოგონები _ ჩემი და მისი. მე შემიძლია. კიდევ ერთი ათასწლეული ვლოცულობდე ჩანგრეულ ქვაბულებში და სანამ მატლები არ გამომჭამენ მუხლებს, მჯეროდეს _ უხრწნელი ვარ, ისეთი მაღალია ჩემი სიყვარული. ღმერთო, იყოს შენი მკაცრი ნება ჩემი დილის შვიდზე დაძინება, მიწა _ მორკალული აივნებად, და შენ არ შემინდობ ვიდრე, ვიწვე ზღვის ნაპირას გარიყული, და თავს დამცქეროდეს გარინდული, ზეცა _ ვარსკვლავების თაიგული, ჩემი ოცნებების კიდე. ღმერთო, როგორ გითხრა, დანარჩენი, იყოს შენი მკაცრი განაჩენი და მეც, სასტიკ სასჯელს გადარჩენილს აღარ ამაღლვებს, რადგან უკვე რა ხანია, ცრემლი არ მდის, ისე ფერმკრთალია განთიადი, მინდა, ლამპიონი ხვალ დილამდე მთების განაპირას დავდგა. მე დღეს მივდიოდი ნისლიან გზაზე, სადაც მხოლოდ ხეები გავდნენ ადამიანებს და ადამიანები არ გავდნენ საკუთარ თავებს და უსუსურობის იქით არაფერი ჩანდა. მე დღეს მივდიოდი უკიდეგანო ხეივანში და საყვედურივით მცდებოდა სიტყვები შენდამი, რატომ დაგვრგე ამ შავ-ბნელ ტყეში, რომელსაც ქვია მარტოობა, და ხეებს შორის გათხრილ სანგრებში რატომ არ დაგვიტოვე ადგილი სხვებისთვის, მათთვის, ვინც ბედნიერებას დათესავდა და მომავალს მოიმკიდა, მათთვის, ვინც უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე, უბრალოდ, ხმის გამცემი, ან წყლის მომწოდებელი, მათთვის, ვის გვერდით ძილიც არასოდეს დაემორჩილებოდა საზოგადოების ლოგიკას ან სამყაროს კანონზომიერებას. ან საერთოდაც, რა ტყეა ეს, სადაც უკითხავად გაგვიდგეს ფესვები და მიგვატოვეს. ღმერთო, ამ ქაოსში მიმალული, ჩემი სრულყოფილი სიყვარული, ჩემი უხარვეზო სიყვარული, დღეს რომ ვეღრაფერს ვშველი, ვისაც დავეძებდი, კიდით კიდე, ვინც ცას ჩემი ფრთებით გამოვკიდე, ყველა მწუხარების გადამკიდემ _ იყოს საჩუქარი შენი. ღმერთო, ჩემს ცხოვრებას თუკი მანდობ, მე მჭირს სიყვარული სახიფათო, მეტი რაღა უნდა დამემართოს, ან სხვას რაღას უნდა გთხოვდე, ვიდგე თეთრ მინდორზე, თუ შენც გინდა, ჩემი ცისფერთვალა ტყუპებით და შენი უსასრულო გუგებიდან თოვდეს, სიხარული თოვდეს. მე შემიძლია, კიდევ ერთი ათასწლეული გავატარო მუხლებზე დაჩოქილმა და მაშინაც კი, როცა ძვლებს მატლები დამიშლიან, საკუთარი უხრწნელობის მჯეროდეს, ისეთი მაღალია ის _ ჩემი სიყვარული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი