ზამთრის სიზმრებიდან
_ბავშვები თამაშობენ თოვლში _ ამბობს ჩვენი მეგობარი და ოთახში შეშა შემოაქვს. _ ბავშვები თამაშობენ თოვლში _ ამბობ შენ და სოფელს უყურებ. სოფელი თეთრია. სხეულს შხამით და ტკივილით ვავსებ, და ვეღარც გული უძლებს სიმძიმეს, დიდი ხანია, დამჩემდა ასე _ მარცხენა მხარეს ვეღარ ვიძინებ. _ მოდი, დაღმართზე მე ჩაგიყვან _ მიღიმი, მე კი ისე ვუარობ, თითქოს ამით იზომებოდეს მთელი ჩემი თავისუფლება. _ ბავშვები თამაშობენ თოვლში _ უხერხულობის გასაფანტად ვამბობ მე და სოფელს ვუყურებ. სოფელი თეთრია. ვთქვი _ თუ რაიმეს არ გეუბნები, რაღა თქმა უნდა, ამინდს ვაბრალებ _ და ნისლებს, სადაც ჩანან სოფლები, ქუთუთოები ჩამოვაფარე. ბავშვები თამაშობენ თოვლში. ჰაერი კი, ჩვენი მეგობრის სოფელში, სახლების გარშემო, ისეთი მსუბუქია, როგორიც შენი ხელისგულებია ჩემს სახეზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი