წერილი ბორჯომის ხეობიდან
ღამეა. ვფხიზლდები ნაადრევ სიზმრიდან, რა არასაჭირო სიტყვაა „ნახვამდის“, აქ, მთაში, ისეთი, ისეთი ნისლია, გვერდით რომ ჩაგევლო, ვერ დაგინახავდი. ისეთი თოვლია, თხელი და მწუხარე, დღეს ალბათ ვერაფრით ვერ დამემდურები, და როგორც ბავშვობის სოფელში ბუხარი, ანთია თვალები და ხელის გულები. ჩემს ყველა მდინარეს შენი გზით უვლია, და შესართავამდე არასდროს დავშრები, დღეს მთაში ისეთი, ისეთი სუნია, ლიმონის ნამცხვრის და შემწვარი ვაშლების, თუ ქარი ფანტელებს სხვა ცისკენ გადაგვის, დეკემბრის ამინდზე არ ვდარდობ სრულებით, აქ, მთაში, სუნია თაფლის და ბადაგის, მოყინულ ხურმების და კოწახურების. მე ვკეცავ ნისლებს და ბალიშთან ვალაგებ ჩემს სიზმრებს დაშაქრულს და არ შემიძლია, არ მენატრებოდეს დაღლილი ქალაქი, თუმც მთაში ასეთი, ასეთი ნისლია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი