ფლუნგე. შემოდგომა.


სავსე მთვარეა.
თურმე, ჩვენც მთვარის ავსების დროს დავბადებულვართ,
შენ _ ოქტომბერში,
მე _ ნოემბერში,
შენ იმ ღრუბლებს დაემსგავსე,
ზეცის ბოლოს რომ შეყუჟულან,
მე მთვარემ მომცა თაფლისფერი თმა და თვალები.
სავსე მთვარეა.
გამოყევი ტბის ნაპირს,დაო,
გამოიარე მამისეული ქოხის ეზო,
გიშრისფერი თმა ივარცხნე გზადაგზა და
ელაპარაკე თეთრ დუმფარებს _
მათ შენსავით არავინ უყვართ.
სავსე მთვარეა.
ჩვენი შეხვედრის დრო მოსულა სასაფლაოზე,
სადაც ოდესღაც,
წლების წინათ,
თოვლსა და ჭყაპში,
შემცბარ მიწას მივაბარეთ მამის სხეული,
კანი დავფხაჭნეთ უსუსური, თეთრი თითებით
და დედის ძაძებს მოფარებულებს
არ გვიკითხავს აღარასოდეს,
მოვიდოდა თუ არა მამა შებინდებისას,
მოყვებოდა თუ არა ზღაპრებს,
ვუყვარდით თუ არა მამას საერთოდ,
რა იყო ჩვენი ცხოვრების პასუხი _ კი თუ არა.
სავსე მთვარეა.
მიმღერე, დაო,
სანამ გაგვყრიან მოედანზე გაშიშვლებულებს,
სანამ დაგვწვავენ,
სანამ მეთევზე ტბის ტალღებში ნავს დააცურებს
და გვითვალთვალებს,
ხან ერთსა და ხანაც მეორეს,
ან კიდევ, რა გვაქვს გასაყოფი მე და შენ ქვეყნად,
ან კიდევ, ვინ გვყავს, ზურგს უკან რომ ამოგვიფაროს
სავსე მთვარის დროს დაბადებული
და ძაძებში გამოზრდილი
მდუმარე დები.
სავსე მთვარეა.
მითხარი, დაო,
როგორია სიცოცხლის ფერი,
ან სიხარული როგორ ხმაურობს,
ან სიყვარულს აქვს თუ არა სუნი საერთოდ,
და თუ არა აქვს,
მაშინ რაღაა იმ უთეთრესი დუმფარების ნაზი სურნელი,
ტბიდან შენი ამოსვლისას რომ იშლებიან.
სავსე მთვარეა.
ხმები ისმის მოედნიდან,
მოზიდეს ფიჩხი.
ახლა მართლაც სულერთია ყველა ფიქრი,
ყველა ოცნება,
ოღონდ მასწავლე,
როგორ უნდა გავუძლო ტკივილს,
საკუთარი ხორცის სუნს და რა უნდა ვქნა,
როცა ვიგრძნობ,
რომ ფერფლად იქცა ჩემი ნაწნავი.
მითხარი, დაო,
რომ მამა ცხენით მელოდება იქით მიმავალს,
სიარულმა რომ არ დაღალოს
ჩემი დამწვარი ძვლები და ხორცი,
გზადაგზა რომ არ დამეღვაროს
სისხლი,ჩვენი საერთო სისხლი,
ცეცხლის ალზე ადუღებული.
ჩემს მუხლებთან იჯექი, დაო,
ნურაფერს მეტყვი.
სიჩუმეში მოედნიდან უკეთესად ისმის ხმაური _
თითქოს სიკვდილს ვათვინიერებ.სავსე მთვარეა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი