დაფიქრებული მაგიდასთან დგას ავაზაკი ..
დაფიქრებული მაგიდასთან დგას ავაზაკი, მან გადაწყვიტა ჩაიდინოს დანაშაული; არ შეიბრალოს კაცი გულით და არც ასაკით და მას სჯერა, რომ ეს ამბავიც კარგად ჩაუვლის. მან რევოლვერში მოათავსა ხუთი სიკვდილი, გააღო კარი და საღამო იდგა ცისფერი; ცაზე სკდებოდნენ ვარსკვლავები, როგორც კვირტები ჰაერში იდგა მოლოდინი და განცვიფრება. დინჯი ნაბიჯით გაიარა ქუჩა ნათელი, მერე საეჭვო შესახვევთან შედგა ლანდივით ენთო ქალაქი, როგორც თვალში მუხანათობა, იყო ცდუნება იმის გულში, ვით სინამდვილე. აი, გამოჩნადა კაცის ლანდი დინჯი და ნელი, და რევოლვერმა, როგორც ძაღლმა ასწია ტუჩი... ეს კაცი ელის, რაღაცას ელის, ეს კაცი ელის სიკვდილს ამ ქუჩით. უცებ რევოლვერს გაუვარდა პირიდან ტყვია, იყო ქუხილი მაგვარი მეხის, - დაეცა კაცი, გაუნათდა თვალები წყვდიადს, დაეცა კაცი, დააბიჯა სიკვდილმა ფეხი. და ავაზაკი გზას გაუდგა ნელი ნაბიჯით, ფანჯრებმა უცებ გაახილეს ბრიყვი თვალები, მთვარემ კი ცხედარს გადააბიჯა, - იგი ზეცაში მიმოდის დინჯად, რადგან მას მიწა არ ევალება. ბოლოსდაბოლოს შეწყდა ხალხის ხმა და დაობა, - მილიციელი კითხულობდა მკვდარის ვინაობას.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი