თბილისს დაეცა ქარი ..
თბილისს დაეცა ქარი მაჰმადხან, ფოთლების ჯარი შემოასია, დაქრის და დაძრწის არი კარდაკარ და ბოლოს მტკვარის გასწვრივ გასწია. სუსტი ყოველი თრთის და კანკალებს - ფოთლები, რტონი, ხენი ახალნი, ფანჯრებს აწვალებს ქარი დაგმანულს, სახლს სახურავი გადაახადა. ქარი მძვინვარებს უკვე გრიგალად, მოგლიჯა ხენი, დაამხო კლდენი, დაფშვნა, დალეწა, რა არ იკადრა და შეაშფოთა მოქალაქენი. კედლებს აბრები გადაახია, ვიწრო ქუჩებში აწივლდა მეტად, რა გრიგალია, რა გვინახია, არ გვინახია ჩვენ ამის მეტად. ბოლოს ნანგრევებს ეცა ძალუმად, გააფთრებულმა უმატა გრიალს, მან სასახლენი დაამხო უმალ, ნანგრევები კი ვერ დაანგრია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი