ო, როგორ მინდა ..
ო, როგორ მინდა ეხლა კუბოში ვიწვე... აი, ესე ნაზად, გულხელდაკრეფილი... და ვინმე ტიროდეს ძალიან ჩუმად... ჩუმად... მესმოდეს ტირილი... მესმოდეს მუსიკა, რომელიც ემგვანება ტირილს... ო, როგორ მინდა ვიწვე კუბოში თალხით შემოსილ პატარა ოთახში. ო, როგორ მინდა მესმოდეს ქვითინი უცნობი ქალების, ქვითინი ჩუმი და დამაჩუმებელი. ო, როგორ მინდა უცნობ ქალებს ქონდეთ თვალები ბნელი და ფართო. ო, როგორ მინდა იწოდეს სანთელი, როდესაც თითქოს მუხლი ეკეცება და აღარ ეცემა მაინც და იტანჯება, რომ აღარ ეცემა და აღარ ეცემა მაინც. ო, როგორ მინდა მეამბორონ ძალიან ნაზად, ო, როგორ მინდა დამეწვეთოს ბაგეზე ცრემლი, ო, როგორ მინდა შუაღამით, როდესაც ცაზე, აღარ არიან ვარსკვლავები და სიბნელეა, ძალიან კარგი და საყვარელი ასწიოს კუბო ტლანქმა კაცებმა, უხეში ხელით და წამასვენონ სასაფლაოსკენ. ო, როგორ მინდა ჩემ ბნელ კუბოს ნელი ნაბიჯით მიჰყვებოდნენ უცნობი ქალები, რომელთაც ექნებათ თვალები ბნელი და ფართო. ო, როგორ მინდა ჩუმი ქვითინი მათი. ო, როგორ მინდა გააღვიძონ ღამით მესაფლავე და უბრძანონ ჩაუშვას კუბო სამარეში. ო, როგორ არ მინდა შეიგინოს მესაფლავემ, რომელიც უდროოდ გამოაღვიძეს. ო, როგორ მინდა დამეყაროს უდანაშაულო მიწა და დავიფარო მიწით. მე ვიცი, მიწა შეიშმუშნება უხერხულად და გაიფიქრებს, ჩემი ბრალი არ არის, მაპატიე ძმობილო. ო, მე გაუგებ საბრალო მიწას, ო, ჩვენ გაუგებთ ერთმანეთს და სამუდამოდ, სამუდამოდ დავმეგობრდებით. გაზაფხულზე ამოვლენ ყვავილები ჩემს სამარეზე და გამვლელ-გამომვლელს ახარებენ, რომ მე კარგად მკვდარი ვარ და სევდიანად გაიღიმებს გამვლელი და შეჩერდება და გაიარს.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი