ტრამვაის


(რეკვიემი)
მას მალე გადმოაბრძანებენ ლიანდაგებიდან და
გრძელ
ბოსელში კამეჩთან ერთად მიირთმევს თივას.
საკუთარი

შენ გამოგაღვიძებენ ალიონზე,
დაგალევინებენ უგემურ სითხეს,
მყრალსა და მათრობელს,
ქალაქის თავზე ბადესავით გასროლილ მავთულებს
შენ ეხები ფრთით ერთადერთით
და იდუმალით იმუხტები ელექტრონებით...
და შენ ცახცახით ერთვი სამყაროს,
სხეულში გივლის ჟრუანტელი გამოღვიძების,
სხეულში გივლის ჟინი ხეტიალის,
თითქოს დასცალე ვეებერთელა „ბორჯომის“ ბოთლი.
ამ დროს ქუჩებში სიმშვიდეა და არის სიცივეც,
ამ დროს ქუჩებში,,სინათლეა დღის“
და არ არის ნათელი დღის,
ამ დროს არ არის ქუჩებში ხალხი,
არის მილიციელი მხოლოდ,
რომელიც წუხს, რომ ვერ იყენებს
თავის უფლებებს.
ქუჩაში არის მეეზოვე, რომელსაც სძინავს
და ხვეტავს ქუჩას,
ცოცხი ეხება დავარდნილ ფულს
და იდუმალი სხივები ფულის
აწუხებს თვალებს მზის სხივზე მეტად
და მეეზოვე დააჭყეტს თვალებს...
მაღაზიასთან თვლემს დარაჯი,
მოხუცი კაცი
და ეზმანება ფეხსაცმელი № 90,
ვიტრინაში რომ დაყუდებულა.
შენ ამ დროს იწყებ სიარულს შენსას,
მიდიხარ ნელა და ჩერდები “გაჩერებასთან“,
სადაც გელოდება მოქალაქე რამოდენიმე,
შენ იხვეჭ მათ და განაგრძობ გზას.
თანდათან თენდება,
თანდათან ამოდის მზე მანათობელი,
ქუჩები იტვირთება ხალხით და ტრანსპორტით.
„გაჩერებებთან“ ჩერდებიან მოქალაქენი
და მოუთმენლად გელიან შენ.
შენ “გაჩერებებთან“ ჩერდები ბარბაცით,
მთვრალი და მშიერი, შენ ფართო ფერდებით შთანთქავ ხალხს,
გერევა გული და გადმოანთხევ პირიდან მერე,
შენ თითქოს პირიდან ბადებ ადამიანებს,
როგორც პრეისტორიული, ლეგენდარული,
გიგანტური ხრტილოვანი ცხოველი.
შენ ხარ შემდგარი ლიანდაგებზე,
არ გაქვს უფლება გადმოხვიდე ლიანდაგიდან,
შენ დაეხეტები ქალაქში მტვრიანში,
შენობებიდან შენობებამდე, მაღაზიებიდან მაღაზიებამდე.
ქუჩებიდან ქუჩებში... შენ ჩერდები,,გაჩერებებთან“,
სადაც ყოველთვის ჩერდებიან მოქალაქენი,
სადაც ზოგჯერ გაჩერებულია საათიც.
ადამიანები მოძრაობენ ქუჩებში,
რადგან ქუჩები დგანან.
ადამიანები დგანან შენში,
რადგანაც დადიხარ შენ.
ქუჩებში დაწყებული ცხოვრება გრძელდება შენში.
შენა ხარ ქუჩა მოარული!
შენ ცხოვრობ ცხოვრებით შინაგანით,
შენში ხდება ამბავი მრავალი,
შენში წყდება მრავალი ბედი,
შენში იკვებება ქურდი თითოსანი,
შენში ნათლდება დოცენტი უვიცი,
შენში ეხება ადამიანი ორი,
შეხებით,,შემთხვევით“
და ვერ შეხვდებიან ერთმანეთს სიკვდილამდე.
შენში იშლება ნერვები, როგორც სიმები გიტარის,
შენში გრძნობენ ფეხებს, როგორც გულს,
შენში აპატიმრებენ მგზავრს უბილეთოს,
რომელსაც არა აქვს ბილეთის ფული
და შენ განიცდი ამას ყოველივეს,
მთელ ამ სიმძიმეს განიცდი შენ
და გატანჯული გარბიხარ, გარბიხარ,
და დაიგმინებ შესახვევში -
გმინვით შესაბრალით და ამაზრზენით.
და ხდება ასეც:
შენ მიექანები ბრმა გაქანებით და დამაბრმავებელი,
როგორც ნაკვალევი ლიანდაგები გრჩებიან უკან
და თავს საკუთარს გადაურბენს ბორბალი ყოველი,
ბორბალი ყოველი ჭყლეტს თავს საკუთარს.
ამ დროს მოქალაქე, რომელსაც ეჩქარება
და ეზარება ფეხით სიარული,
შეეცდება მოგექცეს გვერდზე
და არაგეომეტრიული თვალი მისი უშვებს შეცდომას
და მოქალაქე ბორბლების ქვეშ ექცევა უმალ
და მიზეზივით დაიხვევენ ბორბლები მოქალაქეს.
შენ ამ დროს ამსუბუქებ საკუთარ თავს,
შენ ბამბად იქცევი ვეებერთელად,
მაგრამ მოქალაქისთვის შენ ხარ მეტალი,
ცივი და უმძიმესი
და ცოცხალ ხორცზე ბორბლებით შემდგარი,
შენ დაფლეთ ხორცსა და დატკვერ ძვლებს...
ქუჩაში უეცრად ჩერდება მოძრაობა,
გარს გეხვევიან ადამიანები და ხმაურობენ,
ცნობისმოყვარეობა მათი გიწვება ბორბლებთან.
შენ ამ დროს გინდა ამოხტომა ლიანდაგებიდან,
შენ ამ დროს გინდა, რომ დამალო ნომერი შენი
ისე, ვით კაცმა გვარი საკუთარი,
რომელსაც იცნობდნენ როგორც პატიოსანს
და დანაშაულზე წაასწრეს უცებ.
თანდათან იშლება ხალხი და ტრანსპორტი,
მოქალაქენი და მანქანები იცავენ წესებს.
შენ მიდიხარ ნელი და სევდიანი ხმაურით
და ლიანდაგებზე ტოვებ სისხლს, როგორც საკუთარს.
და ხდება ასეც:
უეცრად შეჩერდები
და ურმის გვერდით აღმოჩნდები სრულიად შემთხვევით,
რომელსაც უბია სახრესავით დაგრეხილი შავი კამეჩები.
შენ შემოგხედავენ კამეჩები წყლიანი თვალებით,
შენ შემოგხედავენ კამეჩები,
როგორც შენ უყურებ ტროლეიბუსს,
ტროლეიბუსი - ავტობუსს,
ავტობუსი - ავტომობილს.
შენ ამ დროს წითლდები,
შენ ამ დროს გრცხვენია,
და შენ დარცხვენილი განაგრძობ გზას
და უკან გრჩება შავი კამეჩები,
ვითარცა წარსული,
და წინ, გელანდება შავი კამეჩები,
როგორც მომავალი.
ხდება უარესიც:
თქვენ ხუთივე ერთდროულად ხვდებით ერთმანეთს
და უხერხულობა შეანელებს ნაბიჯებს წამით
თქვენში იღვიძებს ხუთი გრძნობა ადამიანის
და კიდევ, რაღაც გრძნობა მეექვსე, გრძნობა მეტალის,
რომელიც არის გრძნობა უსახელო.
ამ გრძნობამ ლამის იფეთქოს ცრემლებად.
და თქვენ გაურბიხართ ერთმანეთს საჩქაროდ.
და შენც გარბიხარ, გარბიხარ, გარბიხარ
და გინდა, გინდა, ძალიან გინდა
ლიანდაგებიდან ამოსხლტე უცებ,
შეასკდე ბოძს
და თვითმკვლელობით დაამთავრო სიცოცხლე შენი.
................................................
ასე ეხეტები შენ მთელი დღე–ღამე,
ბოლოს ღამდება და დაქანცული შინისკენ მიემართები.
ამ დროს ქალაქი ისეთია, როგორც გათენებისას.
მხოლოდ ქუჩაში არ არის მეეზოვე.
შენში ამ დროს არის კონდუქტორი,
რომელიც არის  ტელეგრეიკაში.
ტელოგრეიკა აღმოხეთქილს ვერ მალავს ძუძუებს
და უსაშველო თეძოები ვიწრო სკამზე ვეღარ ეტევა
და შენში ამ დროს მოქალაქეც,
რომელიც დამთვრალა და ჩასძინებია
და მეოთხეჯერ უვლის ქალაქს.
კონდუქტორს არ უნდა, რომ ეძინოს იმ მოქალაქეს.
ბოლოსდაბოლოს შენ შედიხარ,,ტრამვაის პარკში“.
შენ ფრთას ერთადერთს დაკეცავ და გამოეთიშები,
გამოეთიშები სამყაროს ულევს,
თითქოს დასცალე ვეებერთელა ბორჯომის ბოთლი
და დაეყუდები ლიანდაგებზე და დადუმდები.
შენ აღარა გრძნობ სამყაროს მაშინ,
შენ მაშინ საკუთარს სხეულს გრძნობ მხოლოდ,
სხეულს დაბერებულს, ფილტვებს დასუსტებულს,
თვალებს დავსილს და მუხლებს დაქანცულს
და შენ გრძნობ კიდევ ფერს საკუთარს, ვერგახუნებულს,
შენ გინდა, დაღლილს, გადმოხვიდე ლიანდაგებიდან
და წამოწვე, როგორც კამეჩი,
მაგრამ ვალად გდევს იდგე ფეხზე გათენებამდე
და თვლემდე ასე.
შენ დგახარ ფეხზე გათენებამდე,
თვლემ და გეზმანება
ის დღე, როდესაც შენ პირველად შეგაყენებს ლიანდაგებზე -
ძლიერი, სველი და ფერადი ფერდებით.
ის დღე, როდესაც შენ პირველად გიხილა ქალაქმა
ლიანდაგებზე ამაყად მქროლი,
რომელიც ყურაღებას არ აქცევდი ვრცელ აღტაცებას
და ქედმაღალი იყურებოდი მაღლა და პირდაპირ,
შენ გეზმანება დიდი ქალაქი,
ბევრი ხალხი და დიდი მოძრაობა.
შენ გეზმანება კამეჩები და ავტომობილი,
კამეჩები შემდგარან ავტომობილზე და დაგდევნებიან
და მოგბღავიან კამეჩები და ავტომობილიები
ბღავილით შესაზარით,
შენ გეზმანება დარაჯი მაღაზიის,
მოხუცი კაცი,
რომელსაც ეზმანება ფეხსაცმელი № 90
ვიტრინაში რომ აყუდებულა.
შენ გეზმანება, რომ გიახლოვდებიან ფეხები გადაჭრილი
და გევედრებიან მუხლების ცახცახით
რისთვის დაგვაშორე საყვარელ სხეულს,
რისთვის დაგვყარე ობლად უბედურნი.
ო, აწი რაღას დავეყრდნოთ ჩვენ.
ო, იგი იყო მეგობარი ერთადერთი ჩვენი და
ო, გევედრებით დაგვიბრუნე სხეული ჩვენი.
შენ გეზმანება, რომ გიახლოვდება სხეული უფეხებოდ
და გევედრება სხეული იგი ცხარე ცრემლებით —
ო, რისთვის დამაშორე საყვარელ ფეხებს,
ო, რისთვის დამაგდე ობლად უბედური,
ო, აწი რაღას დავეყრდნო მე.
ისინი იყვნენ ჩემი ერთადერთი მეგობრები.
ო, გევედრები, დამიბრუნე ფეხები ჩემი,
თუ არა და, გამთელე მეც...
და ტანი იგი, სრულიად დამშვიდებით, გიწვება ბორბლებში,
შენ ამ დროს ცახცახებ და ოფლად იღვრები,
შენ იტანჯები ტანჯვით საზარელით
და ვეღარ უძლებ ტანჯვას ესოდენს.
და თვლემისაგან ერკვევი და გაახელ თვალებს;
სადღაც იკივლებს მატარებელი ჩქარი,
შენი შორეული სისხლი
და შენ სხეულში ამოიკვნესებს უკუნი...
სადღაც იკივლებს მატარებელი ჩქარი.
როგორც ქალი მშობიარე,
და ბადებს სისწრაფეს ცივ ლიანდაგებზე.
შენ ისევ ჩასთვლემ
და ამჯერად შენ გეზმანება
ვატმანი შენი,
მოხუცი კაცი
(პირველმა რომ გასწავლა სიარული ლიანდაგებზე),
რომელიც უკვე გავიდა პენსიაში.
მე ვიცი, გადიღალა და დაბერდა.
შენც გინდა იმ ვატმანივით...
ნუ დარდობ, ძმობილო!
შენ მალე გადმოგაბრძანებ ლიანდაგებიდან
და გრძელ ბოსელში კამეჩებთან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი