ჩემი მაგიდის წიგნი
ქალაქი ჩემთვის წიგნია — სქელტანიანი, ეპოქალური და მოსაწყენი. ეს წიგნი დასტამბულია მაღალხარისხოვან ასფალტზე; პროსპექტი — ერთი ნაწილია ამ წიგნის, — ეს წიგნი შედგება სამი ნაწილისაგან. ქუჩა — თავია ამ წიგნის, — ეს წიგნი შედგება მრავალი თავისაგან, შესახვევი — ქვეთავია ამ წიგნის, — ეს წიგნი შედგება უამრავი ქვეთავისაგან. ჩიხი — ეპიგრაფია ამ წიგნის, — ეს წიგნი შედგება მრავალი ეპიგრაფისაგან. მოედნები — ცარიელი დაგილებია ამ წიგნის, ბაღები — ამ წიგნის თავების მხატვრობაა, მიწა და ზეცა — ყდებია ამ წიგნის. ეს წიგნი შედგება დაახლოებით 700000 სტრიქონებისაგან, ეს სტრიქონები არ არიან ერთმანეთთან გარითმულნი, მაგრამ მკაცრი აუცილებლობით არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან. ამ წიგნის უხილავი ავტორი ყოველდღე შლის სტრიქონებს, მთელ თავებს, ქვეთავებს, ეპიგრაფებს და წერს ახალს. იგი წერს ძალიან ძნელად და ნერვების მომშლელად. ადამიანები — სტრიქონებია ამ წიგნის. მახსოვს, დავდიოდი ამ ქალაქში პატარა ბავშვი და ვკითხულობდი თვალებით ქალაქს, და დავატარებდი ფეხებს ამ ქალაქში ნელა და შეჩერებით, როგორც,,დედაენის“ სტრიქონებზე ნელა და შეჩერებით დავატარებდი თითებს. მე ღმერთმა მომისაჯა ამ წიგნის ყოველდღე კითხვა; ეს წიგნი მე ახლა ზეპირად ვიცი და მაინც ვიწყებ თავიდან მის კითხვას, ზერელედ დავატარებ თვალებს ქალაქში; მე ახლა არ მჭირდება მის წასაკითხად ფეხების ტარება, როგორც თითების, მე შემიძლია, ვიჯდე სახლში და ეს წიგნი წარმოვთქვა ზეპირად; მე ასეც ვიქცევი ზოგჯერ გუნებაში. იცით რა წერია ამ წიგნში?! ეს წიგნი იწყება იმით, რომ გათენდა მოსაწყენი დილა და დაიწყო ცხოვრება, ეს წიგნი მთავრდება იმით, რომ გაიარა მოსაწყენმა დღემ და დადგა მოსაწყენი ღამე. ბოლოს ავტორი გვაძლევს მამაშვილურ დარიგებას, წავიდეთ სახლში და დავიძინოთ, რათა აღვიდგინოთ ენერგია, რადგან ხვალ ხელახლა მოგვიხდება ამ წიგნის კითხვა. ვინ დაწერა ეს დამტანჯავი წიგნი? ვინ არის ამ წიგნის იდუმალი ავტორი? ვინც უნდა იყოს, ეს სულ ერთია, მე ვიცი, რომ იგი იტანჯება თავად, იგი დატანებულია ამ წიგნის ყოველ სტრიქონში, მისი გული ტანჯვით ფეთქს, ამ გულის ფეთქვა სუნთქვაა ამ სტრიქონების, ამ სუნთქვას ჰქვია ამ ქალაქის ცხოვრება. მე ღმერთმა მომისაჯა ამ წიგნის ყოველდღე კითხვა. ეს წიგნი ჩემი მაგიდის წიგნია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი