ჯორდანო ბრუნო


არა მაქვს ფიქრად (მინდა გამხელა),
ვინმე ქართველი ჩემი გვარტომის,
მინდა სხვა პოეტს დარჩეს სამღერლად,
სათქმელი ჩემგან გამონატოვი.

დღეს ამამღერა და ვეღარ გეტყვით,
ეს ადრე არის თუ არის გვიან,
თუმცა ვიგრძენი, რომ ერთი სიტყვით,
ამას ნამდვილი სიმღერა ქვიან.

ვინმე სიხარულს თუ მარგუნებს და
თუ სურს ხალისი რომ დამიბრუნოს,
კაცი მსოფლიოს რომ აბრუნებდა,
მიხსენოს იგი: - ჯორდანო ბრუნო.

ცას რომ მიაპყრო ცისფერი თვალი
და ერთი აზრი აეკვიატა,
მისი ხორციდან ამდგარი კვამლი
ეხლა მგონია მარსზეც მიატანს.

ვინაც სახელი ცად აიყვანა
თვით სახსოვარი გულმავიწყისაც,
სიკვდილით შესძრა მთელი ქვეყანა
და ყველამ იგრძნო ბრუნვა მიწისა.

ვხედაც, ფეხებთან ცეცხლი დალალობს
ეხ! ცეცხლის გამჩენს ცეცხლი ბურავდა,
სურს მიწის ბრუნვ სხვებსაც ანახოს,
გახედა... ირგვლივ კვამლი ბრუნავდა.

იქნებ მსგავსება მართლაც შორია
და უარს იტყვის გადახვევნაზე,
ცეცხლს უკიდებენ ასე მგონია,
„ვეფხისტყაოსნის“ პირველ ხელნაწერს.

ვგრძნობ, სიბრალულმა გრძნობად გამხადა,
გულში რამდენი ეჭვი მდებია,
„შემებრალება“ ხროვა გლახაკთა
ამ გოლიათს რომ შეჭიდებია.

სიბრმავეს ახლავს რომ უბედობა
და გაადინეს მიწას ზღართანი,
სიცოცხლეს თხოვეს ცოდვის შენდობა,
ცოდვის ჩამდენთა სიცოცხლისთანვე.

ბევრი ეხვეწეთ და ემუდარეთ
და ჩაგიაროთ ხვეწნამ ამაოდ,
ბევრჯერ ცრემლებიც დაღვარეთ მწარედ,
მაგრამ ამაოდ, „წმინდა“ მამაო.

ვერ დააკავა იგი ვერავინ,
სად გაგონილა გულთან ლაგამი,
იგი აფეთქდა, როგორც „მერანი“
ან რომელიმე ვულკანთაგანი.

სული მზირალი დარჩათ ცისაკენ
და მეც სათქმელი ერთი მაქვს მხოლოდ,
რომ არ მომკვდარან სიკვდილისაგან,
მათ თვით სიცოცხლემ მოუღო ბოლო.

ღმერთი რომ მწამდეს, გულის თაფლიდან
ასხლტება სიტყვა შხამით უელსი,
რომ მისი სული ცაში აფრინდა
და სულთა შორის არს უსულესი.

დღეს მინდა გრძნობას დარდი მოვფლითო.
რომ სატიალე იქცეს ტიალად,
გორელმა კაცმა მთელი მსოფლიო
ერთი აზრისკენ შეატრიალა.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი