არც მიწისა ვარ, არც ცისა


რუსუდან კაიშაურს

სულისშემხუთავია ეს გაუთავებელი თავბრუდამხვევი სირბილი -
სამზარეულოდან ზეცისაკენ,
ზეციდან სამზარეულოსაკენ,
სამზარეულოდან ზეცისაკენ:
სიჩქარეში ტაფა რომ შერჩება ხოლმე მარცხენა ხელში და
შიშხინებს ერბო-კვერცხი,
და სანამ შემწვარა,
ასჯერ მოასწრებს ცაში აჭრას,
მარჯვენათი მობზრიალე კალმისტრით
ლაჟვარდის შეთქვეფას,
მერე კი კვლავ უკან ჩამობრუნებას _
გაზქურის ლობიო-ტროპებთან და მწვანილ-მორფოლოგიასთან -
სულისშემხუთავია -
და ის კი დარბის, დარბის,
არ ეთმობა არც ერთი და რათა გაგვაგონოს,
ჩამოგვყვირის შუაგზიდან:
\"ერბოკვერცხზე გეპატიჟებით!\"

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი