ვერის ბაღის კაფეს ოფიციანტს


შენი ორი წინ გაშვერილი ხელით
მოგვიტანე ზაფხულის გრილი მელოდიები,
სურნელები,
მკაფიო ზმანებები.

შენი ორი წინ გაშვერილი ხელით
დაგვაპურე,
დაგვამშვიდე.

შენი ორი წინ გაშვერილი ხელით
გვითხარი _ «ლამაზი და ამაოა ყველაფერი».

შენი ორი წინ გაშვერილი ხელი
მართალია და მოძრაობს
მიწის ერთ პატარა მონაკვეთზე,
გამიზნულად და სევდიანად.

შენი ორი წინ გაშვერილი ხელი
ტოლობის ნიშანია,
სიცოცხლესა და სიკვდილს შორის დასმული.

და გთხოვ,
შენი ორი წინ გაშვერილი ხელი
აიშვირე ზემოთ
და გვაჩვენე,
ვინ არის იქ,
ვინც ამ ყველაფერს მართლა გვიგზავნის
ვერის ბაღის კაფეს ორადგილიან მაგიდასთან
მე და ჩემს მეგობარს დღეს,
1998 წლის 30 ივლისს, საღამოთი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი