ლირიკა
შენი თოჯინაა ლირიკა, კაბას ხდი და აცმევ, ვარცხნი, იჭერ ცალი ხელით და აყირავებ, რათა მინაბოს თვალები, მეორე ხელის თითებით კი აპრეხილ წამწამებში წასწვდები ხოლმე და ცალ თვალს ახელინებ, ცივად მომზირალს, გაუგებარი ფერისას _ ახელინებ, ახუჭვინებ და ახუჭვინებ, ახელინებ, მოგწყინდება და ისევ წინ ისვამ, მაგიდაზე, ძველებურად თვალებდაჭყეტილმა რომ შემოგხედოს, შენ კი დააწყვიტო კიდურები და ხელები ფეხების, ფეხები კი ხელების ადგილას მიაბა _ ჰო, შენი ასეთი თოჯინაა ლირიკა, მოშლილი მუცლით, ისეთი მოშლილით, რომ როცა აყირავებ, ტირის კი არა, საერთოდ აღარ იღებს ხმას, მხოლოდ ცალ ქუთუთოს ამოძრავებს, თვალს აპაჭუნებს თითქოს და რაღაც საიდუმლო _ იქნებ ცხოვრების? _ იცის, შენ კი შენს საექიმო ყუთს ხსნი საპასუხოდ, და გულს უსინჯავ ფონენდოსკოპით, და შპრიცს უკეთებ ბარძაყის ადგილას მიბმულ მკლავში _ უკეთებ და გრძნობ, როგორ მშვიდდება იგი, და მშვიდდები შენც, ხვდები რადგანაც, ასეთი თოჯინა უნდა იყოს შენი ლირიკა, თმაგაწეწილი და ალუბლის მურაბით გაწებილი კაბით შემოსილი, ცალთვალამოგდებული, მუცელმოშლილი და ხელფეხარეული. ასეთი თოჯინა უნდა იყოს შენი ლირიკა, სანამ თავს არ დაანებებ სიყვარულს, შპრიცს, თოჯინებს... თოჯინებით თამაშს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი